notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში კონცერტს მართავს, რომელიც ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, „შენ ხარ ვენახი“ და მრავალი სხვა ნაწარმოები შესრულდება.

    კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებიან. კონცერტის ჩატარების სურვილი სწორედ პატრიაქმა გამოთქვა და ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

    ქართველი მგალობლების ხმა სიქსტეს კაპელაში დღეს პირველად ისმის. სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში სხვა ქვეყნიდან მუსიკოსების მიწვევა უიშვიათესი შემთხვევაა.

    29 ივნისს კი სამების საკათედრო ტაძრის გუნდი პატრიარქის „ავე მარიას“ შეასრულებს.

     

    „იმედი“

    ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან. ეს მოხდა დაახლოებით 1,5 წლის წინ და იმის შემდეგ არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის რაიმე ფორმით ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ოლიგარქს და ამას ახსნაც აქვს.

    „ამ წლების განმავლობაში მას 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედების სახით. ეს აუდიტით დადასტურებული ინფორმაციაა. ამის შესახებ უამრავი ფაქტი იცის საზოგადოებამ - როგორ ეხმარებოდა კონკრეტულ ადამიანებს, ტაძრების, თეატრების აღდგენა და ა.შ. უამრავი ფაქტია, რაზეც საზოგადოებას სრული წარმოდგენა აქვს. მას არაფერი უშოვია საქართველოდან, მით უმეტეს პოლიტიკიდან, პირიქით, გასცა ქველმოქმედებაზე 3 მილიარდი დოლარი.

    მაგალითად, რომ ავიღოთ უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს, - ამ კანონის მიხედვით ოლიგარქად აუცილებლად ჩაითვლებოდა ცნობილი კეზერაშვილი, რომელსაც აქვს 85 მილიონზე მეტი. ეს არის ამ კანონით დადგენილი ზღვარი. მას აქვს საკუთრებითი უფლებები მედიის მიმართ და ეს მედია პირდაპირ არის პოლიტიკურ პროცესში ჩარეული“, - ამბობს კობახიძე.

    მაშინ, როდესაც მთელი რადიკალური ოპოზიცია რეალურად კანდიდატობის სტატუსს უკავშირებს საკუთარ აქციებსა და პროტესტს ფონ კრამონმა, მათმა ლობისტმა პირდაპირ განაცხადა, რომ სტატუსი დღევანდელ მოცემულობაში განსაკუთრებულს არც არაფერს არ ნიშნავს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა:

    „უკრაინასა და მოლდოვას კიდევ დიდხანს მოუწევს მოსაცდელ ოთახში ლოდინი იმისათვის, რომ ევროკავშირის გზაზე იაროს. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებულ პოზიციას, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ რეალურად ევროკავშირის მიდგომა დღევანდელ მოცემულობასთან დაკავშირებით მოლდოვასთან და უკრაინასთან საფრთხეებიდან გამომდინარე იყო ისეთი, როგორიც იყო, ანუ, ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. საქართველოსთან მიმართებით ევროპული პერსპექტივა გაიხსნა. ევროკავშირის ყველა ლიდერი ერთხმად საუბრობდა და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიხსნა. სამწუხაროდ მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია აღიქვამს ამას კარის დახურვად,“ 

    „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება შეაფასა. მისი თქმით სტატუსის მიღება ქვეყნის ავტომატურად გამდიდრებას არ ნიშნავს:

    „თურქეთს 30 წელია აქვს კანდიდატის სტატუსი და ამის მიუხედავად, ვერ გახდა ევროკავშირის წევრი, ამიტომ სტატუსის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს არც გამდიდრებას, არც გაბრწყინებას. ეს უფრო იყო ჩვენი, უკრაინის, მოლდოვის და შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური პოზიციის შეფასება. საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდება ქვეყანა ჩვენზეა დამოკიდებული და არა სტატუსებზე და ზოგად გადაწყვეტილებებზე“

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას მაღალი ფასი ექნება. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მათ შორის ენერგიაზე და საკვებზე ფასის მომატება, თუმცა ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის გამარჯვების ფასი გაცილებით მაღალი იქნება:

    „თქვენ იცით, ჩვენ გვაქვს ჩვენი გაზის ოთხი პროცენტი რუსეთიდან. გერმანიაში ეს არის 40 პროცენტი. ისინი რეალური ზეწოლის ქვეშ არიან. მათ ენერგია სხვაგან უნდა მოიპოვონ, ისინი ამას აკეთებენ. ისინი იღებენ მსხვერპლს, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასის გადახდა ღირს. არ უნდა მოხდეს ისეთი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის ძალადობრივი ოკუპაცია, როგორიც უკრაინაა და არ უნდა შეიცვალოს მისი საზღვრები ძალის გამოყენებით. ამის შედეგები, რაც ხდება მსოფლიოში, მძიმეა, მაგრამ უკან დახევის ფასი, პუტინისთვის წარმატების მიღწევის მიცემის ფასი, უკრაინისთვის უზარმაზარი ნაწილების ჩამოჭრის, მისი დამპყრობლური პროგრამის გაგრძელების ფასი, ბევრად მაღალი იქნება. აქ ეს ყველას ესმის.

    ჩვენ აქ ვართ გერმანიაში, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნებთან ერთად, აქცენტს ვაკეთებთ უკრაინაზე და იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ უკრაინის მხარდამჭერი კოალიცია ერთად იმ დროს, როდესაც, მოგეხსენებათ, რეალურად, იქნება დაღლილობა მოსახლეობაში და პოლიტიკოსებში. ყველაზე წარმოუდგენელი რამ, თუ როგორ უპასუხა დასავლეთმა პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრას – ეს იყო ერთიანობა. მოგეხსენებათ, ნატო იყო მტკიცე, დიდი შვიდეული იყო მტკიცე და ჩვენ კვლავაც მტკიცენი ვართ. მაგრამ ამ ერთიანობის დასაცავად, იმისთვის, რომ ამან იმუშაოს, ნამდვილად უნდა გქონდეთ გულწრფელი დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა ხდება, ზეწოლაზე, რომელსაც განიცდიან მეგობრები და პარტნიორები ინდივიდუალურად, განიცდის მოსახლეობა, იქნება ეს ენერგიაზე, საკვებზე, თუ სხვა რამეზე ხარჯების ზრდა. ასე რომ, მხოლოდ ერთად გადაწყვეტილებების მოძიებით შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ ეს ერთიანობა და გააგრძელოთ წინსვლა“

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გააკეთა კომენტარი:

    „ეს ომი ევროკავშირს გარდაქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ, ევროპის საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს, მას შემდეგ რაც რეფორმები განხორციელდება“

    უკრაინული როკჯგუფი „ოკეან ელზი“ საქართველოშია. ჯგუფის სოლისტი სვიტოსლავ ვაკარჩუკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

    „დიდი მადლობა, საქართველო. ჩემთვის და მთელი ჯგუფისთვის, აქ ყოფნა დიდი პატივი და სიამოვნებაა. მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა ვნახეთ. ჩვენი მოქალაქეები ამ წუთებშიც იბომბებიან. საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანაა, ყველაფერი მომწონს და მიყვარს. უკრაინა იღბლიანია, რომ თქვენნაირი მეგობრები ჰყავს და ჩვენ ამ მეგობრობას სცენიდან ვუმღერებთ“, - განაცხადა შემსრულებელმა ჟურნალისტებთან საუბრისასფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში ირიცხება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი- სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს.

    დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1996 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

     

     

     

    უკრაინის დედაქალაქი კიდევ ერთხელ დაიბომბა.კერძოდ კიევის შევჩენკოვსკის რაიონში, რამდენიმე აფეთქება მოხდა. ჩამოინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც მოსახლეობა დაზარალდა. მაშველები ამ დრომდე მათ ამოყვანას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

    „ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები იყვნენ მობილიზებულები. უფრო დეტალური ინფორმაცია - მოგვიანებით“, - წერს დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამზე“.

    ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, ახალ საცხოვრებელ სახლში ბუხარი მოიწყოს. დღეს ბუხრის ოსტატები ბევრნი არიან, მაგრამ ადრე ასე არ იყო, ხელობა ცოტამ იცოდა და რაც მთავარია, კორპუსებში ბუხარს იშვიათად შეხვდებოდით, უფრო ძველ შენობებს ჰქონდა, თუმცა სოფლებში ბუხარი ჩვეულებრივმა, რკინის „ფეჩმა“ ჩაანაცვლა. ახლა კი ბუხარი ერთგვარი აუცილებელი ატრიბუტია და შინ, მაგალითად, მეხუთე თუ მეექვსე სართულზე, მწვადის შეწვა ნაკვერჩხალზე წარმოუდგენელი აღარ არის.

     

    ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ადრე ასე არ იყო-თქო. ბუხარი ვისაც სურდა (და ის, ძირითადად, შეძლებულ ჩინოვნიკებს სურდათ), ნორმალური ხელოსანი კარგა ხანს უნდა ეძებნა. იყო კიდეც ძალიაან, ძალიან კარგი ხელოსანი, მაგრამ ავარიაში მოჰყვა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა და ოთხწლიან სასჯელს იხდიდა. ამის მიუხედავად, ციხის ადმინისტრაციას გავლენიანი ჩინოვნიკები ხშირად მიმართავდნენ და ბუხრის ოსტატი ციხიდან ჩუმად გაჰყავდათ. ისიც, ხან 4 და ხან 5 დღეს სხვადასხვა ჩინოვნიკის ბინაში ცხოვრობდა, კარგს სვამდა, კარგს ჭამდა, ჯამაგირსაც იღებდა, შინაც აგზავნიდა და გაქცევაზე არც ფიქრობდა. თავად ციხის ადმინისტრაციამაც იცოდა, რომ ყველაზე უწყინაარი პატიმარი არსად გაიქცეოდა და ხშირად მეთვალყურესაც არ უტოვებდა. ბუხრის ოსტატი ჩინოვნიკების ცარიელ სახლში, როცა საქმეს მორჩებოდა, ტელეფონზე რეკავდა, წამიყვანეთ, დავასრულეო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ოფიციალურად აკრძალული გახლდათ, მაგრამ ჩინოვნიკები ერთმანეთს მარტივად უყვებოდნენ ასეთ ამბებს და ციხის ადმინისტრაციასთან ზარის განხორციელებაც არ იყო დიდი პრობლემა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ...

    მილიციის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა, წყნეთში, ერთ-ერთ სახლში ქურდობის დროს, მეპატრონეები დაბრუნდნენ და ქურდობა ყაჩაღობაში გადაიზარდა. თავდამსხმელებმა ბინის მეპატრონე და მისი დისშვილი, ახალგაზრდა გოგონა ლამის სასიკვდილოდ სცემეს. განსაკუთრებით მძიმედ მამაკაცი იყო, გოგო, ასე თუ ისე, მსუბუქად გადარჩა, თუმცა მისი დაკითხვა მხოლოდ მეოთხე დღეს მოხერხდა.

    „სახლში დათქმულზე ერთი საათით ადრე დავბრუნდით. თეატრში ვიყავით, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ბიძაჩემმა აღარ დამტოვა, წამოვედით. შინ კი ასეთი ამბავი დაგვხვდა. მეგონა, გული წამივიდოდა, რადგან დაახლოებით, ათი წლის წინ, ჩემი მშობლები სწორედ ყაჩაღობის დროს მოკლეს და ბიძასთან მას შემდეგ ვცხოვრობ. გული არ წამსვლია, წინააღმდეგობაც კი გავუწიე, მაგრამ თავში მძიმე საგანი მომხვდა. ბიძაც, როგორც ვიცი, მძიმე საგნით გათიშეს. სულ სამნი იყვნენ, იმ ორის არ ვიცი და მე რომელსაც ვეჩხუბებოდი, დაწვრილებით აღვწერ“, - თქვა გოგონამ.

    ძალოვნებისთვის ცხადი გახდა, კრიმინალები საქურდად იყვნენ შესულნი და ნიღბებიც ამიტომ არ ჰქონდათ, რაც ყველაზე საინტერესოა, მათ მთელი სახლი კი არ დააყენეს ყირაზე, არამედ, ზუსტად ის უჯრა და კარადა ჰქონდათ გაღებული, რომელშიც ძვირფასეულობა ინახებოდა. სამართალდამცავებმა ისიც გაიხსენს, რომ ეს უკვე მეათე თუ მეთორმეტე შემთხვევა იყო, როცა ქურდები ბინას ისე ასუფთავებდნენ, ზედმეტ მოძრაობას, პრაქტიკულად, არ აკეთებდნენ ანუ მათ ჰყავდათ ძალიან კარგი „ნაკოლშიკი“, მაგრამ ვინ? ერთადერთი, რაც ამ სახლებს აერთიანებდა, ის გახლდათ, რომ ყველას მფლობელი შეძლებული იყო და ყველგან კედელში ჩაშენებული გახლდათ... ბუხარი.

    გამომძიებლებმა ბუხრის ოსტატი მოიკითხეს და გაარკვიეს, რომ ყველა მათგანი ერთმა და იმავე ადამინმა გააკეთა და ის კაცი ისევ სასჯელს იხდიდა. ამიტომ, მისი დაკითხვა არ გასჭირვებიათ. მებუხრე, რომელიც ყველას უწყინარი პატიმარი ეგონა, მოულოდნელად, კრიმინალებისთვის საქმის მიმცემი აღმოჩნდა.

    „როცა პირველად წამიყვანეს ბუხრის გასაკეთებლად, ძალიან ბედნიერი ვიყავი. უკან რომ დავბრუნდი, საკანში მოვყევი, სამეფო ოჯახი იყო, ასეთი არასოდეს მინახავს-მეთქი. მესამე დღეს ერთი გამცოდილი კრიმინალი მოვიდა და მთხრა, შენი მისამართი ვიცი, ცოლ-შვილის სახელებიც ვიცი და თუ გინდა ცოცხლები დაგხვდნენ, ყველა სახლი, სადაც ბუხარს გააკეთებ, უნდა აღმიწერო, მისამართი უნდა მთხრა, სად რა დგას, სქემა უნდა დამიხაზოო. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. მართალია, მაღალჩინოსნების სახლებს ვაკეთებდი, მაგრამ ამ კრიმინალმა მითხრა, რომ ჩამიშვა, შენ აქ მოგკლავენ და იმათ კიდევ გარეთო. ამიტომ, ვხაზავდი და ვუყვებოდი ყველაფერს, რაც შემეძლო. ის რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა და მეტი არაფერი ვიცი“, - ასეთი იყო მებუხრის მონაყოლი.

    ძალოვნებმა ეჭვმიტანილის სავარაუდო ადგილსამყოფელის დადგენა დაიწყეს და მალევე მიაგნეს. ის კიდევ ორ რეციდივისტთან ერთად, ქალაქგარეთ, პატარა სახლში ცხოვრობდა, ისეთში, რომელზეც იერიშის მიტანა დღისით ძნელი იქნებოდა. ამიტომ, დაღამებას დაელოდნენ და სპეცოპერაციაც ჩაატარეს. აყვანის დროს, ერთ-ერთი კრიმინალი შეიარაღებული გაწევის დროს მოკვდა, მეორე - დაიჭრა, მესამე კი უვნებელი ჩაუვარდათ ხელში. მთავარი იყო, რომ ბანდის მეთაური, რომელცი დაჭრილი გახლდათ, გადარჩებოდა და სწორედ მას უნდა დაედასტურებინა მებუხრის მონაყოლი. გადარჩენილი ის იყო, რომელსაც გოგონამ გაუმართა ბრძოლა და ის ამოცნობაზე წაიყვანეს. რაღა თქმა უნდა, გოგომ თავდამსხმელი მაშინვე ამოიცნო და შეუცდომლად დაადო ხელი, მერე კი მაგიდაზე დაყრილ სურათებს დახედა და გული წაუვიდა.

    ძალოვნებმა ჩათვალეს, რომ ის გადაიღალა და ყაჩაღთან შეხვედრამ ბოლო მოუღო, აზრზეც მალე მოიყვანეს და იქვე დივანზე წამოაწვინეს, თუმცა გოგომ მაგიდისკენ გაიწია, იქ დადებული სურათებიდან ერთ-ერთს ხელი დაადო და იკითხა - „ეს ვინ არის?!“

    „ეს ბანდის მეთაურია, ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი რეციდივისტი. სავარაუდოდ, ისიც გეცნოთ, თვალს მოკრავდით იმ დღეს, გონებამ კი ახლა აღიქვა და გულიც ამიტომ წაგივიდათ. დაჭრილია, საავადმყოფოში წევს, მაგრამ გადარჩება და გადავარჩენთ იმისთვის, რომ ციხეში ხანგრძლივი დროით გავუშვათ“, - უთხრა გამომძიებელმა და გოგონამაც თავი დააქნია.

    საქმე გახსნილი გახლდათ, დაკავებულთა ბუნაგიდან ძალოვნებმა, პრაქტიკულად, ყველა ბინიდან მოპარული ნივთები ამოიღეს და მფლობელებს დაუბრუნეს. საქმე სასამართლოზე უნდა გადაცემულიყო და მარტო ის გახლდათ გასარკვევი, რა როლი ექნებოდა საქმეში მებუხრეს და დაუმატებდნენ თუ არა სასჯელს. ამ დროს კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - საავადმყოფფოში მყოფ დაჭრილ კრიმინალს თავს მედდა დაესხა და დანით სამი ჭრილობა მიაყენა. ყვირილზე ბადრაგი შევარდა და... გამომძიებელი ადგილზე მალე მივიდა და პირველი რაც გააკეთა, მთავარ ექიმს მაგიდაზე მუშტი უბრახუნა, როგორ გაბედა შენმა თანამშრომელმა და დაჭრილს დანა როგორ დაარტყაო, რაზეც ექიმმა მიუგო, ეს გოგო ჩემი თანამშრომელი არ არის, პირველად ვხედავ, პალატაშ მედდის ხალათში გადაცმული შეიპარაო.

    გამომძიებელი მეორე ოთახში შევიდა, სადაც გოგონა ჰყავდათ დაკავებული და ხელში... სწორედ ის ქალიშვილი შერჩა, რომელიც ბინის ქურდების ბოლო მსხვერპლი იყო და რომელმაც დამნაშავე ამოიცნო. გამომძიებელმა გაოცებისგან პირი დააღო.

    „თქვენს მაგიდაზე დაყრილ სურათებს რომ დავხედე, ის პირი ვიცანი, ვინც ჩემი მშობლები დახოცა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ამის სახეს რა დამავიწყებს. გამომძიებლებსაც ვუყვებოდი, თუმცა არავინ მომისმინა, ბავშვია, ემოციებშიაო. და ამ კაცს ვეძებდი ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ ვერ ვნახულობდი. ახლა კი ვიპოვე და მივხვდი, ეს ჩემი შანსი იყო. ძალიან დამწყდება გული, თუ ის გადარჩება“, - მშვიდად თქვა გოგონამ.

    იმის მიუხედავად რომ გოგო ამტკიცებდა, მშობლები სწორედ ამ კაცმა დამიხოცაო, დაკავებულს ვერაფერი დაუმტკიცეს, გარდა ბინების ქურდობისა. ის საქმე კვლავ გაუხსნელი დარჩა და მართალია, სერიულ ქურდობებსა და ყაჩაღობაზე დაკავებულებს 11-11 წელი ერგოთ, ისე გამოვიდა, რომ ბანდის მეთაურს რეალურად მკვლელობა შერჩა, თუმცა შერჩა კი? მას ციხიდან გამოსვლა აღარ ეწერა, რადგან ტუბერკულოზით სამ წელიწადში გარდაიცვალა. მებუხრეს რეალური სასჯელი არ დაუმატეს, პირობითი აკმარეს. ზუსტად ისევე, როგორც გოგონას, რომელსაც ეჭვმიტანილზე თავდასხმის გამო, სამწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს.

     

    „ვერსია“

    წაიკითხეთ „ვერსია“ პდფ ფორმატში

    Please publish modules in offcanvas position.