შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე, მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებელი საზოგადოებაც არის და არამხოლოდ პოლიცია. პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას გომელაურმა გაიხსენა ბოლო ორი გახმაურებული შემთხვევა.
"13 წლის ბავშვზე ეს უმძიმესი თემაა, როგორც 14 წლის ბავშვის, ქობულეთის თემა.
ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა. რატომღაც ყველა იძახის, სად იყო შსს? სად იყო პოლიცია? რა თქმა უნდა, მე არ ვირიდებ თემას, არამხოლოდ, განათლება იქნება, თუ სხვა სამინისტრო, ყველასი, თქვენი ბრალიცაა, ჩემი ბრალიცაა.
რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ, რომ ამ ბავშვმა... რაც მოხდა, ფაქტია, აღარ მინდა დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები, არავის არაფერი უთქვამს. ან მეზობელი არ ხედავს, ან... ეს საზოგადოების პრობლემაა, არ არის მარტო შსს-ს პრობლემა.
იგივე იყო 14 წლის ბავშვზე ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა, როგორც წესია, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ, გამოძიება მიდის კიდევ, თუ ვინმე გამოიკვეთება დავაკავებთ", - განაცხადა მინისტრმა.