notnews ganivi3 

    ანუკი გაგულიძე

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ე.წ. კასრების საქმის ერთ-ერთ ფრაგმენტს იხსენებს და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვიდეოფირებზე აღბეჭდილი სასტიკი კადრების შესახებ ჰყვება.

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, სურს კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას თუ რა ძალა იბრძვის კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.

    "მინდა საზოგადოებას შევახსენო ვინ იყო მეგის ქარდავა. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით ვინ იყო მეგის ქარდავა, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ.

    ალბათ გახსოვთ, რომ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის იყო "კასრების საქმე", სადაც, ალბათ ადამიანი ვერ წარმოიდგენს ისეთი სისასტიკე და სადიზმის ამსახველი კადრები ვიხილეთ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, საზოგადოებამაც მათ შორის იხილა ამის თაობაზე თუ რაოდენ სასტიკად ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს.

    ერთი ძალიან მოკლე ფრაგმენტი მინდა რომ გავიხსენო და მოსახლეობას გავახსენო. ამ საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სრულიად უდანაშაულო ადამიანის წამების ფაქტი, რომელიც აღბეჭდილი იყო მათ მიერ ვიდეოფირებზე. სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჩაჰყავთ ადამიანები და ნებისმიერი ჩვენების მისაღებად მიმდინარეობდა არაადამიანური, სასტიკი წამება და გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც შეიძლება ადამიანს დამართოს ადამიანმა, არაადამიანმა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ადამიანებისთვის ეს სრულიად მიუღებელია.

    მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თუ რა ძალასთან გვიწევს ჩვენ დღესაც შერკინება და ჯერ კიდევ რა ძალა იბრძვის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.

    ერთ-ერთი დავალება იყო, რომ ამ ადამიანს, მის მიერ რა თქმა უნდა არჩადენილი დანაშაული თავის თავზე უნდა აეღო, დაებრალებინა, თითქოს რაღაც ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა. მანამდე მოიტაცეს ოჯახიდან ფეხმძიმე მეუღლე, გალახეს, სცემეს, რომელსაც შემდგომ მუცელიც მოეშალა, საშინელება დამართეს, აწამეს. წაიყვანეს ასევე გამაუპატიურებელი ადამიანი, რომელსაც 55 ლარი გადაუხადეს, ეს ყველაფერი დადასტურებული არის გამოძიებით, ამის შემდეგ ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უბრალოდ გაუძლო ამ საშინელებებს და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს და ამით გაუშვეს ციხეში.

    აი ეს ხელისუფლება არის სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის მათი ხელწერა და რა თქმა უნდა მეგის ქარდავა არ იყო ერთი, ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    თბილისში, პოლიციას მიცკევიჩის ქუჩა გადაკეტილი აქვს. როგორც მოსახლეობა გვიყვება, ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილების საშუალებას არც მათ აძლევენ. სამართალდამცველები ადგილობრივებს არ ეუბნებიან მიზეზს, რატომ არის გზა გადაკეტილი. 

    ცნობილი ხდება, რომ რკინის ჯებირებთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებისა და მაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო, ერთ-ერთი მოქალაქე მსუბუქი ავტომობილით ჯებირს მიეჯახა. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც დანაშაული მიუძღვის, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. როგორც პრემიერ-მინისტრი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადიცია, რომელსაც მრავალი დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის წვლილი, მნიშვნელოვანი საკითხი იყო. 

    "მეგის ქარდავა, რომელიც ცნობილი იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ ძალადობრივი ჯგუფის და მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მჩაგვრელი და შემსრულებელი სადისტური დავალებების, მისი ექსტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ათას სისასტიკეს და სადიზმს სჩადიოდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოტივაცია და ინტერესი იყო, რომ ყველა ეს პირი იქნეს წარდგენილი მართლმსაჯულების წინაშე.

    მეორე, მინდა აღვნიშნო, რომ სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე. სხვათა შორის, ამ დღეს დააკავეს სერგო თეთრაძე 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს, სიმბოლური დამთხვევაა. ნამდვილად არ გვიზრუნია ამის თაობაზე, ბუნებრივად ასე მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის ყველა დამნაშავე, ადრე თუ გვიან წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

    კითხვაზე -  იყო თუ არა რამდენიმე კვირის წინ, მისი კიევში ვიზიტის დროს საუბარი მეგის ქარდავას ექსტრადიციის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, ის სააშკარაოზე არ გამოდის. 

    "რა იყო დახურულ კარს მიღმა, მე ბუნებრივია შევეცდები, რომ თავი ავარიდო ამ კითხვას, ვინაიდან, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, ის სააშკარაოზე არ გამოგვაქვს, მაგრამ მე მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, პირადად პრეზიდენტის და ზოგადად უწყებების, ვინაიდან, მათ სრულად გაითვალისწინეს ყველა ის მასალები, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ უკრაინულ მხარეს და მათ მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს ექსტრიდაციის პროცესი, რომელიც აქამდე იყო გაწელილი,“ - ამბობს პრემიერ მინისტრი.

    ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მის მუზეუმს ჰქონდეს შესაბამისი საექსპოზიციო სივრცე, – განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ყოფილი სპორტის მუზეუმის კუთვნილი ფონდების დასათვალიერებლად იმყოფებოდა.

    კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თეა წულუკიანმა ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და მუზეუმის ფონდების მდგომარეობას გაეცნო. შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, რომელსაც სპორტის მუზეუმი 2018 წელს შეუერთდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. ვინაიდან სპორტის მუზეუმს აღარ გააჩნია საკუთარი ფართი, ფონდები დროებით ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. მინისტრის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია, რაც ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მუზეუმის ექსპონატები ფონდებში კი არ ინახებოდეს, არამედ იყოს გამოფენილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდა თაობისათვის. ამიტომაც, სამინისტრო გეგმავს სამუშაო პროცესის წამოწყებას, რომლის მიზანიც სპორტის მუზეუმის აღდგენა და მისთვის შესაბამისი ფართის გამონახვაა.

    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 19 აპრილის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი არის სწორედ სპორტის მუზეუმი. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის მმართველი ორგანო გახდა ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა ოთხკაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი უწევს, თუმცა ზემოხსენებული ოთხი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ.

    აჭარას მალე კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება შეემატება. ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება.

    ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

    მასშტაბური პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება, რაც მაჭახელას ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას, ასევე ე.წ მაჭახელას თოფის გზის ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

    მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდის სასამართლო სხდომა იმართება.

    დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე უნდა დაკითხოს. სამივე მათგანი 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.

    ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან. დაცვის მხარე განმარტავს, რომ მოწმეებს გიორგი მენაბდის მიმართ მამხილებელი ჩვენება არ მიუციათ, თუმცა პროკურატურის პოზიცია არის, რომ საქმე ხელახლა უნდა განიხილონ და სრული სურათის აღდგენისთვის თითოეული მოწმის მოსმენა მნიშვნელოვანია.

    გიორგი მენაბდე საქმეზე ყველაზე ბოლოს, ექვსი თვის წინ დააკავეს. მას დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, თუმცა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

    2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    „ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.

    გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

    ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად“

    ამ წუთებში გორსა და ხაშურში, რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ტარდება. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

    სავარაუდოდ, სპეცოპერაცია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანის დასაკავებლად ტარდება.

     

    თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დღეიდან იწყება.

    დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.

    როგორც მერიაში აცხადებენ, პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები.

    დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი – ერთი კილოგრამი, ფქვილი – ერთი კილოგრამი, შვრია – ერთი კილოგრამი, მაკარონი – ერთი კილოგრამი, ხილფაფა – ერთი ქილა, ზეთი – ერთი ლიტრი, კვერცხი – ექვსი ცალი, ჩაი – ერთი კოლოფი, ყველი – 0,5 კილოგრამი, რძე – ორი ლიტრი.

    თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება.

    საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ ინტერნეტ სივრცეში სასულიერო პირების შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე სამართლებრივი დავის დაწყება არ მოხდება.
    მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

    „მიზანმიმართულად და შეგნებულად ხდება ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაცია, ამიტომ ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ვურჩევ, რომ მაგარი უგუნურია.
    მსგავს სისულელეებზე სამართლებრივი დავის დაწყება ყოველთვის არასწორია“, - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებთან.

    Please publish modules in offcanvas position.