notnews ganivi3 

    გასაჯაროვდა გარეჯის საქმის ფარული ჩანაწერები - რა განცხადება გაკეთდა პროკურატურაში

    გასაჯაროვდა გარეჯის საქმის  ფარული ჩანაწერები - რა განცხადება გაკეთდა პროკურატურაში

    საქართველოს პროკურატურა დავით გარეჯის საქმის შესახებ მის მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, რომელშიც ივერი მელაშვილისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარია ნაჩვენები. 

    „როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარული ვიდეო ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტში - 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე. ბრალდებულ ი.მ.-სა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.
    ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
    რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ი.მ. აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
    გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე-4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის.
    ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ი.მ. საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია.
    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.მ.-სა და ნ.ი.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს - დაახლოებით 3500 ჰექტარს.
    საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს დასახელებულ ვიდეო/აუდიო მასალას, ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
    საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სხვა თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას.
    მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე.“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

     

     

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.