notnews ganivi3 

    „ეს ანექსიის დასაწყისია“, - თაკო ჩარკვიანი დღევანდელ სპეცოპერაციაზე

    „ეს ანექსიის დასაწყისია“, - თაკო ჩარკვიანი დღევანდელ სპეცოპერაციაზე

    დღეს, 23 თებერვალს, 15:00 საათზე, კანცელარიასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. დღეს დილით, სპეცრაზმი შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და სამართალდამცავებმა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციისა. „ჰოთნიუსი“ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მისი პარტია და კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელი“ 3 საათზე გამართულ აქციას შეუერთდებიან:

    „ცხადია, მივალ აქციაზე. მოხდა ის, რასაც ველოდი, მაგრამ ფინალში მაქვს ოპტიმიზმი იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვერ დავთმობთ. ხელისუფლება მიზანმიმართულად ესაუბრება ასე დასავლელ პარტნიორებს, დიდი ხანია, დასავლეთთან კონფრონტაციას ეძებს, რადგან მერწმუნეთ, არ უნდა ატლანტიკური სივრცე, ევრაზიული კავშირი ურჩევნია, მეტი კორუფციული სივრცეა მისთვის. რუსული ტიპის მმართველობა უფრო მოსარგებია ხელისუფლების მოპარული თანხებისთვის.

    ცხადია, გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მუშაობის შედეგია დასავლეთთან ურთიერთობა. იმიტომაც დავთმეთ 25 რიცხვი, ამ ბოიკოტმა გამოიწვია ეს და ხომ უნდა დაანახო დასავლეთს, რომ ვიღაც არის მიმტაცებელი და უზურპატორი?! უპირობოდ დავეთანხმებოდი კანონის აღსრულებას ნებისმიერი მოქალაქისადმი, რომ არ ვხედავდეთ, რომ ეს არის გამოკვეთილად შერჩევითი სამართალი, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმო იმიტომ, რომ ეს ჯაჭვური ბმაა და ვერაფრით გექნება სასამართლო და პროკურატურა რეფორმირებული, სანამ ნიკა მელიას სამაჯურზე ისაუბრებენ, სადაც გირაო ერთხელ უკვე გადახდილია, მანამდე ვთქვათ, რომ თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია და გავრილოვი შემოიყვნეს, დააწინაურეს შემომყვანები და სჯიან გამპროტესტებელს, რომელ კანონზეა აქ საუბარი?!

    ეს არის ანექსიის დასაწყისი, საქართველოს „რბილ ძალებთან“ გადაბარების მცდელობა. ტერორიზმი ახსენა ღარიბაშვილმა და მინდა ვუთხრა მას, ტეტრორიზმი ისაა, როცა ვაქცინა არ შემოგაქვს ქვეყანაში, როცა მთელი მსოფლიო იცრება; ტერორიზმია, როცა საათების მილიონებიანი კოლექცია გაქვს და სოციალურ დახმარებას უხსნი ადამიანებს და ისინი ვერ აპროტესტებენ. ეს პოლიტიკური ტერორიზმია და სხვა არაფერი. ტერორიზმია, როცა ხალხი გამოწმყვდეული გყავს და პოლიტიკური ფურშეტები გაქვს კოვიდპანდემიის დროს! მაგრამ ვერ გაგრძელდება, მერწმუნეთ, რომ ეს არ მოხდება. უბრალოდ, ვწვალობთ, ვიბრძვით, დრო მიდის, ქვეყანა ფერხდება.

    აჩემებული რომ აქვთ 9-წლიანი რეჟიმი, მე, თაკო ჩარკვიანს, მესაუბრებიან 9 წელზე, როცა ეს ვირთხები დამალულები იყვნენ?! სანდრო გირგვლიანის ამბავზე რომ მეჭირა პლაკატი, „ძირს მურუსიძე“, ის მურუსიძე ამათ დააწინაურეს. ქეთი დუმბაძე მესაუბრება მე? - ის არ იდგა ჩემ გვერდით და არც სანდროს იცავდა, არც ბოლქვაძის განცხადება მახსენდება... ეს არის კონფორმიზმი და სირცხვილია! მე სხვა რამ მასწავლეს ოჯახში. ვიდრე 90-იანი წლები არ მოვიდა და ერთმანეთს არ დავუპირისპირდით და ორივე მხარე გარკვეულწილად დამნაშავე იყო, ჩემი ოჯახის უფროსის, მამის, ცხოვრებაში ეტაპი არ არის, სადაც ვაჟკაცი არ იყო. 1977 წელს, როცა გამსახურდიას გარიცხვას ხელი არ მოაწერა, მხოლოდ ერთმა გამგეობიდან. გამსახურდიას თავდები იყო ორჯერ, ბოლო თავდებობა გააფორმა 1989 წელს, როცა ზვიადი დაიჭირეს. თვითმფირნავის ბიჭების დროს უკან არ წაიღეს მან, მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეებმა ხელმოწერა. ყველა ეტაპზე, სადაც შეეძლო, იყო კაცი და მგონია, რომ მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებელი საქართველო როგორმე გახდეს თანამედროვე განვითარებული ქვეყანა. სირცხვილია, ხალხი შიმშილობს და სადღაც ჯანდაბაში მიჰყავთ ქვეყანა და ჩვენ ამას ვუყურებთ. ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს?! საკუთარ შვილებს ასწავლიან უცხოეთში, მერე ჩამოჰყავთ ისევ, კორუფციის ბუდეში რომ იცხოვრონ. რუსული თემაა, მაგრამ ამ ანექსიას, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, ნორმალური ადამიანები ვერ შეეგუებიან. რუსეთს გავუძელით 9 აპრილს და ამ ნაძირლებს ვერ გავუძლებთ?!“

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.