ესპანეთში, მადრიდში, ნატოს სამიტი გრძელდება. ალიანსის მთავარი განსახილველი მთავარი საკითხი, უკრაინის მხარდაჭერა და ალიანსის მიმდინარე და მომავალ გამოწვევებია. მოსალოდნელია, რომ ლიდერები შეთანხმდებიან უკრაინის მხარდაჭერის გაზრდაზე.
სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოდის. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დაარღვია მშვიდობა ევროპაში და თავს დაესხა წესებზე დაფუძნებული წესრიგის პრინციპებს“, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „აჩვენებენ, რომ ნატო ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეკრება იქნება "ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ალიანსისთვის" და დასძინა, რომ ეს ხდება "უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვუმკლავდებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ". რუსეთის ომი უკრაინაში ასევე ახდენს გავლენას ნატოს გრძელვადიან გეგმებზე. ალიანსი ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობს, მისივე თქმით, "შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს" პირობებში. სტრატეგია ასევე შეეხება სხვა გამოწვევებს, მათ შორის ჩინეთსაც. მოკლევადიან პერსპექტივაში, ნატო აძლიერებს მზადყოფნას უპასუხოს გარე საფრთხეებს, მათ შორის ნატოს უშუალო მეთაურობით, ჯარების რაოდენობის გაზრდით და უფრო მძიმე შეიარაღების და ლოგისტიკური რესურსების წინა ხაზზე განლაგებით.
წყარო: ამერიკისხმა