... ... პოლიტიკა

"2012 წლის შემდეგ არასდროს ყოფილა ასე" - დავით ზურაბიშვილის პოლიტიკური ანალიზი გაერთიანებაზე

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე პოსტს აქვეყნებს და სალომე ზურაბიშვილის ინიციატიცას ეხმაურება, რომელიც ლელოსა და გახარიას პარტიის გაერთიანებას გულისხმობს. 

"ერთის მხრივ გახარიას პარტიის და მეორეს მხრივ ლელოს (თავისი მოკავშირეებით) გაერთიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, არის არსებულ სიტუაციაში არა უბრალოდ სწორი გადაწყვეტილება, არამედ გადაწყვეტილება, რომელმაც თავისუფლად შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვებაში.
 
ქვემოთ შევეცდები მოკლედ დავასაბუთო, თუ რატომ ვფიქრობ ასე. თუმცა მთლად მოკლედ თქმა ალბათ არ გამომივა თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
 
კერძოდ, ამგვარი გაერთიანების შედეგად:
ა) მოხდება "არც ნაცი არც ქოცი" ამომრჩევლის კონსოლიდაცია და სინერგია. ცხადია, არსებობს გახარიას ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა ლელო და ლელოს ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა გახარია, მაგრამ გაცილებით მეტია ისეთი, ვინც ამ ტაქტიკურ ერთობას დადებითად უყურებს და თუ მანამდე არ აპირებდა არჩევნებზე წასვლას, ამ გაერთიანების ხმის მისაცემად აუცილებლად წავა. წავა არა იმიტომ, რომ თავისთავად აღფრთოვანებულია რომელიმე ლიდერით, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სალომე-ხაზარაძე-გახარიას ტრიუმვირატი იმთავითვე კრეფს ორნიშნა რეიტინგს და დიდი შანსია საერთოდ ლიდერი ოპოზიციური გაერთიანება აღმოჩნდეს.
ბ) ამგვარი ძლიერი გაერთიანება ფაქტობრივად ანგრევს სახელისუფლო პროპაგანდის ორ მთავარ თეზისს. ესენია "აბა ომი გინდათ?" და "აბა ნაცები გინდათ?". პრინციპში ოპოზიციის ომის პარტიად წარმოჩენაც ეფუძნება იმ შიშს, რომ თუ ბიძინა არ იქნა, მოვა მიშა, გააღიზიანებს პუტინს და ის თავს დაგვესხმება. მიშა რომ ომის დამწყებია, ამის დაჯერება ქოც და მოქოცო ამომრჩეველს მარტივად შეუძლია, მაგრამ, გახარია დაიწყებს ომს ან ხაზარაძე იქნება ომის გამჩაღებელიო, ეს რამდენიც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ მაინც არავინ დაიჯერებს, ისევე როგორც მათ ნაცობას. როდესაც არსებობს ნაცმოძრაობაზე არანაკლები რეიტინგის მქონე არანაცური პოლიტიკური ძალა, ამომრჩევლის დაშინება იმით, რომ ისევ მიშა და ნაცები მოვლენ, უკვე არაეფექტიანი ხდება და დიდწილად აღარ იმუშავებს.
გ) ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა შეიძლება იყოს არანაცური პარტიების გაერთიანება, არის თვისებრივად ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში. 2012 წლის შემდეგ არასდროს ყოფილა ასე. ვფიქრობ ეს გააჩენს ახალი ტიპის ოპოზიციურ ამომრჩეველსაც და შესაძლოა ხელისუფლების იმ მომხრეების ნაწილიც მოიზიდოს, რომელიც ოცნებას ხმას აძლევენ, როგორც ნაცების არცთუ სასურველ, მაგრამ ერთადერთ ალტერნატივას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს გაერთიანება, თუ იგი საბოლოოდ შედგა, იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატივა ბოლო თორმეტი წლის მანძილზე. გამომდინარე ამ არჩევნების მნიშვნელობიდან, როცა არჩევანი ფაქტობრივად არის ქართულ სახელმწიფოებრიობასა და რუსულ ორღობეს შორის, მსგავსი ალტერნატივის გაჩენას სასიცოცხლო და ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს."

დღეს, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

დღეს, 17 სექტემბერს, 14:00 საათზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს.

„მზად ვარ შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს “ - მამუკა ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ჯერ პირადად სურს შეხვდეს "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას და ამის შემდეგ გაიმართოს საერთო მოლაპარაკებები პრეზიდენტთან. ხაზარაძე ამბობს, რომ დღეს პირისპირ შეხვედრა ვერ ხდება.

16 სექტემბერს პრეზიდენტმა "ძლიერი საქართველოსთვის" და "გახარია საქართველოსთვის" გაერთიანების მიზნით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.

"მე, ჩვენ კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპული მომავლისკენ. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას. გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად ვიმუშაოთ. მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, სამწუხაროდ ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, სანამ არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ. გვაქვს თუ არა რაიმე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს.

კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო", - წერს ხაზარაძე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააცილა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.

 

რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ, ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს - მდინარაძე

რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ, ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან და სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მდინარაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ შეხვდება ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ეკლესიას, ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლებას.

„ჩვენ არაერთი მაშველი რგოლი შეგვიძლია, ვნახოთ არჩევნებამდე. დღეს ნახეთ, რომ სანქციები გამოაცხადეს. დღეს ასევე ნახეთ, რომ როთი ჩამოვიდა. ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ეკლესიას, ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს და ჭკუას გვასწავლის. ამიტომ არ ვხვდებით. ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ როგორც იქნა გაბედა და თქვა – დიახ, ვინც ქართულ ეკლესიას, ქართულ იდენტობას, ქართველი ხალხის არჩევანს მიაყენებს შეურაცხყოფას, მას ჩვენ გავცემთ შესაბამის პასუხს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ათი წლის წინ ამაზე ალბათ ვერც ვიოცნებებდით. დღეს ჩვენ ამას ვბედავთ.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მისი უშუალო კოლეგა ნიკამ სამხარაძე ჩავიდეს გერმანიაში და მათ ღირსებას, ხელისუფლებას, შეურაცხყოფა მიაყენოს. წარმოიდგინეთ რეაქცია. ისინი ბედავენ ამას და ვერ უნდა გაბედონ. დღეს სანქციები ვნახეთ 60-მდე პირს დაუწესდა. როგორც ჩანს, არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ არიან დასანქცირებული. ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირს. გაურიეს და ერთმანეთში არიეს, მათ შორის ალტ ინფოს წარმომადგენლები და პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის ერთის მხრივ პოლიციის შეურაცხყოფა, მეორე მხრივ ინსტიტუციის შეურაცხყოფა და მესამე მხრივ, არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა არაფორმალური გავლენებით. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაასახელეს, რომ 30 ადამიანი დასანქცირდა? – შეიცვალა ერთადერთი რამ, არჩევნები მოახლოვდა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

​მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ ელოდებიან მსგავსს და შესაძლოა, უფრო კიდევ მძაფრ სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით.

„კიდევ იქნება გარედან მაშველი რგოლები, რომელიც იქნება ხავსი ოპოზიციისთვის, რადგან ისინი ქართველ ხალხს ვერ ელაპარაკებიან, ისინი ელაპარაკებიან უცხოელების გავლით. რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ გვითხრან, აგვიხსნან. არ შეიძლება ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს, ძალიან უხერხულია. ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციას საქართველოში. რას ეხვეწებიან აქედან ისეთს, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთო. იხვეწება აგენტურა და იქნებ ახლა დაასანქციროთო. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-მა 60-ზე მეტ ფიზიკურ პირს, მათ შორის მთავრობიდან, სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ, 60-ზე მეტ პირს, მათ შორის "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს - განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკეთებს.

"...სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე არიან პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები. ისინი არიან ხელისუფლების წევრები და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ცემაში. მომიტინგეები და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში", - განაცხადა ბლინკენმა.

ოფიციალურად: აშშ-მა პრორუსი კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა

აშშ-მა პრორუსი კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა - განცხადებას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

დასანქცირებულები არიან ძალოვანები ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მილერი ლაგაზაური.

უწყების ცნობით, ფინანსური სანქციები საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის დაწესდა.

[მასალა ახლდება]

ხვალ, ორბელიანების სასახლეში, 15:00 საათზე, პრეზიდენტი ელოდება "ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს - ადმინისტრაცია

ხვალ, ორბელიანების სასახლეში, 15:00 საათზე, პრეზიდენტი ელოდება "ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას..." - ნიკოლ ფაშინიანი

ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა  მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

„პრემიერ-მინისტრო, მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მშვიდობა სასარგებლოა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებს სარგებელს თანაბრად. ამიტომაც, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ წვლილი შეიტანოთ რეგიონული  და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში“, -  განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტმა გახარია და ხაზარაძე ხვალ გაერთიანების მოლაპარაკებებისთვის მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ხვალ, 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.

პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ის მზად არის მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუწყოს, როგორც ნეიტრალურმა მხარემ.

"საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ - პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი.

მე ამისი მჯერა და ამიტომ, მონაწილეობა მივიღე ყველა კონსულტაციაში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო.

გადაწყვეტილება კი, ორი პრო-ევროპული ძალის, ერთის მხრივ, გაერთიანება ძლიერი საქართველო, ხოლო მეორეს მხრივ პარტია გახარია-საქართველოსთვის მათ ხელშია.

ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე, შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს.

ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ - ამიტომ, მივესალმები დღევანდელ ერთის მხრივ, მამუკა ხაზარაძის საჯაროდ გამოთქმულ მზადყოფნას, და ასეთივ  მეორეს მხრივ მზაობას, ვიცი რომ არსებობს გიორგი გახარიას მხრიდან

საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ამიტომ, ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„გარდამტეხი არჩევნების დღე ახლოვდება, არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი“-პრეზიდენტი

„საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს ა ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონ ბიძინა ივანიშვილი.

ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არამხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე. ამას რამდენჯერმე გავიმეორებ, რამდენიც საჭირო იქნება ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე - ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს.

დღეს არჩევანი ერთია, ან ევროპა ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ყველასი. ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ.„

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

"საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას" - ირაკლი კობახიძე

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი როლი შეასრულოს.

„საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. 

კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმ შეხვედრებით, რომელიც გაიმართა დღეს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მქონდა საშუალება, გაგვეცვალა მოსაზრებები, რაც უკავშირდება ქართულ-სომხურ ურთიერთობებს, რეგიონში, გლობალურად მიმდინარე პროცესებს. ბატონ პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.