notnews ganivi3 

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის
    ავტორი / ეკონომიკა

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დღეს, სასტუმრო „რუმსში“ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე  განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც კონსორციუმს ხელშეკრულება შეუწყვიტა, უსაფუძვლოა.

    ლევან ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დღეს კიდევ ერთი, უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, უსაფუძვლოა ხელისუფლების ბრალდებაც, თითქოს კონსორციუმმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა:

    „პირდაპირ გეტყვით, მთავრობის ამ ბრალდებას ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ და დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ანაკლიის პროექტის წარმატებაში. ინვესტიციებიც მოვიზიდეთ 51 მილიონის ოდენობით და გარკვეული სამშენებლო სამუშაოებიც შევასრულეთ ანაკლიაში. ბანკებიდანაც მოვიძიეთ თანხები, ინვესტორებისგანაც, ოპერატორთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულება და მეორე კონტრაქტორიც შევარჩიეთ, მაგრამ არამცთუ ამ მხარეების მიერ წამოყენებული მოთხოვნების განხილვაში არ შემოსულა მთავრობა, არც კი მოისურვა, კონსტრუქციული დიალოგი გამართულიყო ჩვენს შორის. ამიტომაც ვერ მივიღებთ ბრალდებას, თითქოს კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულა. პირიქით, მთავრობას უნდა აეღო მოწინავე როლი ანაკლიის პროექტში, ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, რათა შეთანხმება შემდგარიყო და პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, ამაზე არაერთხელ, საჯაროდ მივმართეთ ხელისუფლებას, მათ შორის, პარლამენტის ტრიბუნიდანაც. მთავრობამ არ მოისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსვლაც კი, რის გამოც დაზიანდა პროექტი, დაზიანდა კონსორციუმი და რა თქმა უნდა, ამის მტკიცებულებები არსებობს“.

    როგორც ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, კონსორციუმმა არაერთი ინვესტორი დააინტერესა, რომლებიც ხელისუფლებისგან სულ მცირე რამეს ითხოვდნენ _ მთავრობას უნდა შეექმნა პროექტი, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების თაობაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, მაგრამ ესეც კი ვერ მოხერხდა. მეტიც, ახვლედიანის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში, ხელისუფლება პირდაპირ მოუწოდებდა ინვესტორებს, რათა პროექტში არ შესულიყვნენ:

    „კონსორციუმმა 75 მილიონზე მეტი განახორციელა ანაკლიის პროექტში, მაგრამ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ისღა დაგვრჩენია, საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართოთ. სამწხუხაროდ, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა შეეძლო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მთავრობამ არაფერი გააკეთა და მცირედი ნაბიჯებიც კი არ გადაუდგამს. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთავრობის მოტივაცია ამ პროექტთან მიმართებაში, შესაბამისად, ზიანდება ანაკლიის პროექტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესი“.

     

    მაია მიშელაძე

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.