... ... მსოფლიო

ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენსა და ტრამპს შორის საუბარი იყო გულწრფელი და აშშ-ის პრეზიდენტი თავს მშვიდად გრძნობს ტრამპის უსაფრთხოდ ყოფნის გამო.

სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა ტრამპიც.

„ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საიდუმლო სამსახურის შესახებ ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ფლორიდის შტატში, ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში, დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია. გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო.

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთი კურსკის დასავლეთ ნაწილში ორი დასახლების დაბრუნების შესახებ იტყობინება, კიევი კი აცხადებს რომ უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე 100-მდე სოფელს აკონტროლებენ.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება აღმოსავლეთ ფრონტზეც. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში პოკროვსკისა და კურახოვოს მიმართულებით 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების კურსკის მიმართულებით გადატანამ რუსული აგრესია აღმოსავლეთ ფლანგზე შეასუსტა და აქტიურად მზადდება უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც კიევი მომავალ კვირას მოკავშირეებს გააცნობს. მან აღნიშნა, რომ გამარჯვების გეგმა უკვე 90%-ით გაწერილია და ამ პაკეტს შეუძლია უზრუნველყოს სიტუაციის სწორი განვითარება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოში ყველასთვის, ვინც საერთაშორისო სამართალს აფასებს.

ფინეთში ნატოს ძალების ლიდერი შვედეთი იქნება

ნატო მუშაობს სამხედრო წარმომადგენლობის განთავსებაზე ჩრდილოეთ ფინეთში, სადაც ლიდერის როლის შესრულება შვედეთს შეეძლება.

ეს მოიცავს წინმავალი სახმელეთო ძალების (FLF) სახელით ცნობილი, ნატოს მრავალეროვნული წარმომადგენლობის ადგილზე ყოფნის მოდელს, და ჰგავს ალიანსის იმ წევრ ქვეყნებში განთავსებულ ძალებს, რომლებიც ასევე რუსეთს ესაზღვრებიან - თქვეს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იუნსონმა და ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰიაკიანენმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წარმომადგენლობის ადგილზე ყოფნის შესახებ პროექტი ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცდა, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტზე - თუმცა ახლა მას შვედეთის ხელისუფლების თანხმობა ესაჭიროება. პროექტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ფინეთი ნატოს წევრი ოფიციალურად გახდა 2023 წლის აპრილში, რაც წარმოადგენდა ამ სახელმწიფოს სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის ისტორიულ ცვლილებას.

რუსეთში საპროტესტო შიმშილობა დაიწყო პატიმრობაში მყოფმა ომის მოწინააღმდეგე ჟურნალისტმა

პატიმრობაში მყოფმა ციმბირელმა ჟურნალისტმა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, მარია პონომარენკომ შიმშილობა დაიწყო მისთვის წაყენებული ახალი ბრალდებისა და ციხის ჩანაწერის გასაპროტესტებლად, რომელიც ამბობს, რომ მას რამდენჯერმე გამოეცხადა საყვედური პენიტენციური დაწესებულების წესების დარღვევის გამო.

ტელეგრამის არხი, RusNews-ი - სადაც პონომარენკო მუშაობდა 2022 წელს მის დაპატიმრებამდე - ამბობს, რომ ჟურნალისტმა შიმშილობა გამოაცხადა მას მერე, რაც 16 სექტემბერს ნერვული კოლაფსი განიცხადა თავის სასამართლოზე, სადაც მას დამატებით ადანაშაულებდნენ ციხის ორ ზედამხედველზე თავდასხმაში. პონომარენკო ამ ბრალდებას უარყოფს.

პონომარენკოს 2023 წლის თებერვალში ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გაპროტესტების გამო.

ტრამპი ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ განაპირობა მასზე განხორციელებული თავდასხმები

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის რიტორიკამ განაპირობა მასზე განხორციელებული თავდასხმები.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.

პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

„მას [თავდამსხმელს] სჯეროდა ბაიდენისა და ჰარისის რიტორიკის და ამ რიტორიკიდან გამომდინარე მოქმედებდა. მათი რიტორიკა ჩემზე თავდასხმას იწვევს, როცა მე ვარ ის, ვინც ქვეყანას გადაარჩენს, ხოლო ისინი კი ქვეყანას ანგრევენ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება

ცნობილი ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი და მისი 27 წლის პარტნიორი ნარა ბაპტიშტა მშობლები გახდებიან.

Daily Mail-ის ცნობით, ორსულობის შესახებ ბაპტიშტამ საზოგადოებას Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებით აცნობა, რომლებზეც მუცელი ეტყობა. 57 წლის კასელისთვის ეს მეოთხე შვილი იქნება.

კასელი და ბაპტიშტა პირველად ერთად გასული წლის ნოემბერში გამოჩნდნენ, მსახიობის მის ყოფილ ცოლთან ტინა კუნაკის დაშორების შემდეგ.

აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იქამდე, ვიდრე გაიმარჯვებს - ვიქტორ ორბანი

აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„აშკარაა, რომ პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.

პოლონეთში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სტიქიის გამო პოლონეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ამის შესახებ პრემიერმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„შესაბამის მინისტრებთან და სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ, მივეცი მითითება, მომზადდეს დადგენილება ბუნებრივი კატასტროფის მდგომარეობის შემოღების შესახებ“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხის დაცემის შედეგად ქალაქ რაბკა-ზდრუიში დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ქალაქ ზაპოკანეში კი - ახალგაზრდა ქალი და ცხრა წლის ბიჭი.

ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს, დაზიანებულია მანქანები.

ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ.

 

მიხაელ როთი საქართველოში ჩამოვიდა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში ჩამოვიდა. 

შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან, გერმანიის საელჩოში გაიმართება. ის სხვა ევროპელ დიპლომატებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

როთი საქართველოს შემდეგ სომხეთში გაემგზავრება.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში მარტის აქციების დროსაც იმყოფებოდა.

"აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის" - კამალა ჰარისი ტრამპის სიახლოვეს სროლაზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის.

„მე მივიღე ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მახლობლად გასროლის შესახებ და მიხარია, რომ უსაფრთხოდ არის. ამერიკაში ძალადობის ადგილი ადგილი არ არის“, - წერს ჰარისი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ უსაფრთხოდაა. მედიის ცნობით, ტრამპის გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

ტრამპის გოლფის კლუბთან მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო

გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ უწყება იძიებს იმას, რაც როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო.

ეჭვმიტანილი ადგილობრივმა პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ტრამპის გოლფის კლუბის მოედანზე გასროლა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი „კალაშნიკოვის“ ავტომატით იყო შეიარაღებული.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა იყო. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

უსაფრთხოდ და კარგად ვარ! ვერაფერი შემაჩერებს! - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გოლფის კლუბთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის უსაფრთხოდ და კარგადაა.

“ჩემს სიახლოვეს იყო სროლები. უსაფრთხოდ და კარგად ვარ! ვერაფერი შემაჩერებს. მე არასდროს დავნებდები! ყოველთვის მეყვარებით მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა იყო. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.