ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორ გია შაიშმელაშვილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატი 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

ბრალდებული თეკლა გერსამია დანაშაულს არ აღიარებს. პროკურორმა და ადვოკატმა კომენტარი არ გააკეთეს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. 24 წლის ქალმა მეუღლეს დაზიანებები დანით მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.