საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი   HASKAL-ი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი  მუხლის 1-ლი  ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.