არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამართალდამცველებმა თაბუკაშვილისა და ჭანტურიას კვეთაზე ორი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქცია იწყებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ქალი და მამაკაცი.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობასთან სტუდენტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.
უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილები.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები ილიაუნიდან მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ მსვლელობით რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის, უნივერსიტეტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
უნივერსიტეტთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი სრულად არის გადაკეტილი.
დღეს, დღის განმავლობაში თეატრალურ უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა, რა დროსაც შეკრებილმა სტუდენტებმა დაუმორჩილებლობის აქცია დააანონსეს.
თეატრალურ უნივერსიტეტთან პროტესტი გამოიწვია რამდენიმე სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერებამ.