გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს-წაღებულია შესაწირი ყუთები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს. ტაძრიდან მოსახლეობის მიერ გაღებული შესაწირი უკვე მეორედ მოიპარეს. ინფორმაციას ეკლესიის სტიქაროსანი ავრცელებს.

უჩა ქემაშვილი ვარაუდობს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში წირვა- ლოცვის შემდეგ შეაღწიეს.

გუშინწინ, შაბათს ამ ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მიცვალებულთა მოხსენიების პანაშვიდი გადაიხადეს, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ტაძრის შესაწირი ორივე ყუთი მოგლეჯილია და თანხაა წაღებული"- ამბობს ქემაშვილი.

ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევის დროს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთებიც დააზიანეს.