ე.წ. კანონიერი ქურდის "ვიტიას საძმო", (ვარლამ კუხიანიძის) ქუთაისის სასამართლოს მოსამართლემ, ქეთავნ თხელიძემ პატიმრობაში გაუშვა, თავად "ვიტიას" კი, რომელსაც გამოძება ე.წ. კანონიერ ქურდობას ედავება, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულები ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ვარლამ კუხიანიძის "ვიტიას" გარემოცვა ქუთაისის აგრარული ბაზრის მეწარმეებს ატერორებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ.
7 დაკავებულიდან ერთ-ერთს გამოძიება "ქურდული სამყაროს წევრობას" ედავება. დღეს ლაშა კვატაშიძე, იგივე "კვატია" სასამართლოს უმტკიცებდა, რომ "ვიტიას" მართლაც იცნობს, მასთან ნათლიმირონობა აკავშირებს, თუმცა "ქურდულ სამყაროსთან კავშირი" კატეგორიულად უარყო.
სასამართლოს 6-ვე ბრალდებული ესწრებოდა, რომლებსაც "ქურდული სამყაროსთან კავშირს" ედავებიან. ყველა მათგანი დღეს მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდათ, არ იცნობდნენ არავითარ "ვიტიას" და არც აგრარული ბაზარის მეწარმეების მიმართ განუხორციელებიათ რაიმე სახის ტერორი.
"რა გვესაქმება კანონიერ ქურდთან, რაის ქურდული სამყაროს წევრი ვარ ლაფართქაზე ვმუშაობდი". - თქვა ერთ-ერთმმა ბრალდებულმა სასამართლოზე.
საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რასაც გამოძიება 9 თვის განმავლობაში აწარმოებდა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, აგრარული ბაზარი გახსნა.
"ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ქუთაისში არსებულ ანალოგიურ ბაზარს კონკურენციას ვერ უწევდა, ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელის და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე სხვადასხვა უკანონო ქმედებებით, კონკურენტი ბაზარიდან იძულებით გადაიყვანეს ძირითადი მოვაჭრე პირები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა.
სამართალდამცველებმა 7 ბრალდებული 24 მარტს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა",
დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223¹ მუხლის 1-ლი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223³ მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.