აპრილში ₾300 000-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

აპრილის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2025 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი, რომელზედაც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 30 პირი, მათგან დაკავებულია 7 პირი.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 59 444 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.