ბიზნესმენ ჩიკვაიძესა და მის პარტნიორს 9 და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მაისს გამართულ სხდომაზე ბიზნესმენს, „რამზეს იახტების“ დამფუძნებელ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი - 8 წლით.

ჩიკვაიძე 11 მარტიდან პატიმრობაშია, ირაკლი პაპიაშვილს კი დღეს სასამართლოში დაადეს ბორკილები და დააპატიმრეს.

გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე იზა კელენჯერიძემ, რომელიც 2018 წლის იანვრიდან მუშაობს საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

მათ ბრალად დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისება და გაფლანგვა ედებოდათ. ეს სისხლის სამართლის 182-ე მუხლია, რომელიც 3-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა „პოტენციურად სამოქალაქო დავაა, რომელშიც არ არსებობს არც თაღლითობის მტკიცებულებები და არც მითვისების შემადგენლობა“.5 მაისს პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ წარმომადგენლების მეშვეობით აშშ-ის ჰელსინკის კომისიას გადასცა დოკუმენტაცია, „რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად“.

38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, დაკავებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობდა.

ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე.

ETS Building-ის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ვიტალი ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 155 019 ლარის სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა „ელთ ბილდინგისთვის“. ადვოკატის განცხადებით, ჩიკვაიძის კომპანიას თანხა ოთხ ტრანშად ჩაურიცხეს, თუმცა მან იახტის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხა საკუთარ საჭიროებებზე დახარჯა - მათივე თქმით, უკან დაუბრუნდათ მხოლოდ 50 000 ევრო.

გიორგი ჩიკვაიძე ელგუჯა თურმანიძეს უწოდებდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ და ამ კავშირებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებდა.