შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ.

უწყების ცნობით, მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი.

„ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შემდგომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.