აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით საგარეჯოში მოხდა. ადგილზე შსს-ს სამსახურები არიან მობილიზებულები. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
"2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და შემთხვევაც იქ მოხდა. ალექსი ახვლედიანი ამჟამად საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ. თორნიკე რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. მედიის ინფორმაციითვე, საგარეჯოში იმყოფებოდა შს მინისტრი გეკა გელაძეც.
ასევე, “მთავარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით,აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისიპატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობისცდამდე მიყვანას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანთავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
სსკ-ის 238-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, გლუვლულიანი სანადირო თოფის) დაუდევრად შენახვას ითვალისწინებს, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერგამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლებისშეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის აპრილში გადადგა. მან ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. მან პოსტში ბიძინა ივანიშვილს და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ჯარისკაცად რჩება.