ერთი კვირის განმავლობაში ნარკოტესტირება 314 პირს ჩაუტარდა – 240 შემთხვევაში დაფიქსირდა მოხმარება - შსს

ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ გამკაცრებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. უწყების ცნობით, შემოწმებები ჩატარდა როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

შსს-ს განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეებიც შესაბამისი ქვემდებარეობის მიხედვით უკვე გადაგზავნილია სასამართლოში.

გარდა ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას. უწყების განმარტებით, აღნიშნული პირებიც დაჯარიმდებიან, რადგან მოქმედი კანონმდებლობა მათთვის იმავე პასუხისმგებლობას აწესებს, რაც ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლებისთვისაა.

„ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება უარყოფს პოლიტიკურ ნიშნებზე შერჩევით მიდგომას და აცხადებს, რომ პოლიციისთვის მოქალაქის პოლიტიკური შეხედულება შემოწმების საფუძველი არ წარმოადგენს.

შსს მედიის წარმომადგენლებსაც მიმართავს და მოუწოდებს, „არათუ ხელი შეუშალონ“, არამედ გაიზიარონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც უწყების შეფასებით, ინფორმაციის სწორად მიწოდებას „განსაკუთრებული როლი“ ეკისრება.