პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ანზორ კვარაცხელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ედავებოდნენ.

მოსამართლის განმარტებით, ვიდეოჩანაწერები თუ სხვა მტკიცებულებები გამოიკვლიეს სასამართლოზე და ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება. მისი თქმით, ეს არ იყო მარტივი საქმე.
განაჩენამდე ანრი კვარაცხელიამ საბოლოო სიტყვა თქვა.

„დიდი მადლობა, რომ შეწუხდით და ჩემს საქმეზე ასე დადიხართ. მე დღეს ამაყი ვარ, ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი. ამ საქმის ვერც თავი ვერც ბოლო გავიგე რას მედავებიან. დედიკოს მიმიხედეთ, ემიგრანტი მყავს, როდესაც ჩამოვა დიდი სიყვარულით მომიკითხე, ერთი ოჯახი ვართ ყველა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ანზორ კვარაცხელიას ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმაში დაედო მსჯავრი.

განაჩენს სასამართლოსთან კვარაცხელიას გულშემატკივრები აპროტესტებენ პერფორმანსით.