ევროკავშირმა უკრაინას დამატებით €2.3 მილიარდის დახმარება გამოუყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 72
ევროპულმა კომისიამ უკრაინას დამატებით €2.3 მილიარდის, ანუ (2.8 მილიარდი დოლარის) ფინანსური დახმარება გამოუყო. აღსანიშნავია, რომ ეს იმ მრავალმილიარდიანი პროექტის ნაწილია, რომელსაც ოფიციალური კიევი ბრიუსელისგან 2024 წლიდან იღებს.
ახალი ტრანშების განხორციელება, მეტწილად, უკრაინის ხელისუფლების მიერ დემოკრატიული რეფორმების გატარებაზეა დამოკიდებული და მიზნად ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე უკეთესი სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობას და რუსულ აგრესიასთან გამკლავებაში დახმარებას ისახავს.
როგორც ოფიციალურ ბრიუსელში აღნიშნავენ, დახმარების მე-6 ტრანშის გადაცემას წინ საჯარო ფინანსირებისა და სასამართლო ინსტიტუტების რეფორმირება, დეცენტრალიზაციის დაჩქარება, სოფლის მეურნეობის კუთხით პოლიტიკის ცვლილება, ასევე მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უძღოდა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ $2.8 მილიარდის გაცემული დახმარება როგორც უკრაინის გადაუდებელ სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისე ზამთრის პერიოდში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდება. ამასთან, თანხები დამატებითი რეფორმების გატარებისა და ევროინტეგრაციის დაჩქარებისთვისაც დაიხარჯება.
ცნობისთვის, ამ შეთანხმების ფარგლებში, 2024-2027 წლებში უკრაინამ €50 მილიარდის მოცულობის დაფინანსება უნდა მიიღოს, საიდანაც €17 მილიარდი გრანტი იქნება, €33 კი დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო სესხი. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა კიევმა 2024 წლიდან დღემდე €26.8 მილიარდის დაფინანსება უკვე მიიღო.
No article in the selected categories
