ჩინეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 10
ჩინეთის პროვინციაში პიროტექნიკის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა. შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე პიროტექნიკის წარმოება სრულად შეჩერდა.
ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აფეთქება 4 მაისს ნაშუადღევს, ხუნანის პროვინციის ქალაქ ჩანგშაში მოხდა. გამოცემა China Daily წერს, რომ ქარხანას ჩანგშას ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფ ქალაქ ლიუიანგში კომპანია Huasheng Fireworks Manufacturing and Display Co ამუშავებდა.
ჩანგშას საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს პარტიული მდივნის, დინგ ვეიმინგის თქმით, დიდი რაოდენობით პროდუქციას ცეცხლი გაუჩნდა, რამაც უწყვეტი აფეთქებები გამოიწვია. საწყობის ტერიტორიაზე შენახული დიდი რაოდენობით დენთი მაშველთა უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა, ხოლო ქარხნის ტერიტორიაზე ჩამონგრეულმა კედლებმა, სვეტებმა და სახურავმა გზები ჩახერგა, რის გამოც ადამიანები ხაფანგში აღმოჩნდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიუიანგში პიროტექნიკისა და შუშხუნების ყველა მწარმოებელს წარმოების შეჩერება დაევალა.
ჩანგშას მერმა, ჩენ ბოჟანგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ძირითადად დასრულებულია, მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა გადამოწმება და მსხვერპლთა იდენტიფიცირება.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე ასობით მაშველი იყო მობილიზებული და საშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სააგენტოს ცნობით, ხელისუფლება აფეთქების მიზეზებს იძიებს, პოლიციამ კი კომპანიის პასუხისმგებელი პირი დააკავა.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მოითხოვა "ყველა ძალისხმევის" მიმართვა ჯერ კიდევ დაკარგულად მიჩნეულ ადამიანთა მოსაძებნად და დაშავებულთა გადასარჩენად. მან ხელისუფლებას მიზეზების სწრაფად გამოძიებისა და პასუხისმგებლობის დადგენისკენ მოუწოდა.
No article in the selected categories
