კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროს რეგიონში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები და დაზიანდა შენობები. ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში და ვენესუელის რამდენიმე რეგიონშიც.

 კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მახლობლად, 96 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ჩოკოს პროვინციის გუბერნატორის, ნუბია კაროლინა კორდობა-კურის განცხადებით, განსაკუთრებით დაზიანდა პროვინციის დედაქალაქი კიბდო. მისივე თქმით, ქალაქში არიან დაშავებულები და დაზიანებულია შენობები.

 „ჩვენ უკვე ვაფასებთ ზიანის და პირველ ოფიციალურ ანგარიშს მალე გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა გუბერნატორმა.