2014 წლიდან არ შემიწყვეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ქალაქს ტრამვაი სჭირდება, მაშინ კალაძე ამბობდა, რომ პოპულისტი ვიყავი - ალეკო ელისაშვილი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზის გაყვანის იდეა არა თბილისის მერ კახა კალაძეს, არამედ მას ეკუთვნის.

როგორც ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზი მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, ტრამვაის გაყვანაზე ის 2014 წლიდან საუბრობდა, თუმცა მას მაშინ კალაძე „პოპულისტს ეძახდა“.

ელისაშვილის თქმით, როგორც კი ირაკლი კუპრაძე თბილისის მერი გახდება, ამ პროექტზე მუშაობა მეორე დღიდანვე დაიწყება, რადგან ტრამვაი დიდი დიღმელების გადაადგილების პრობლემას ნამდვილად მოაგვარებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ იმ შეურაცხყოფას, რომელიც მექრთამე კალაძემ გუშინ დიდ დიღმელებს მიაყენა. თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და კორუმპირებულია კალაძე, ასეთი მექრთამე, თაღლითი და აფერისტი ხელმძღვანელი ჩვენს თბილისს არ ჰყოლია. გუშინ გამოვიდა და თქვა, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე" ტრამვაის მშენებლობაზე ტენდერს ვაცხადებო. თვე ნახევარია არჩევნებამდე დარჩენილი, მერობის თვე ნახევარი აქვს დარჩენილი კალაძეს, არადა 8 წელია მერია, 8 წელია ამ ქალაქს ხელმძღვანელობს, მანამდე 4 წელი ის ბოთე ნარმანია იყო, 12 წელია ქალაქს „ქართული ოცნება“ მართავს და ახლა გაახსენდათ თურმე, რომ დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ტრამვაია საჭირო. 2014 წელს თბილისის საკრებულოში რომ შევდგი ფეხი, მას შემდეგ არ შემიწყვეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ქალაქს სჭირდება ტრამვაი. სხვანაირად ჩვენ საცობებს ვერ მოვერევით. გვქონდა სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა. საკრებულოში სხდომა არ იყო, რომ არ მელაპარაკა და ზუსტად ამ ხაზზე ვლაპარაკობდი, პროფესიონალების აზრს ვახმოვანებდი - დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ 7.5 კმ -ია, ტრამვაის ხაზია გასაყვანი, რაც ძალიან განტვირთავდა, შეუმსუბუქებდა ცხოვრებასა და პრობლემებს დიდ დიღმელებს. მაშინ კალაძე ამბობდა, რომ მე ვიყავი პოპულისტი და ეს იყო შეუძლებელი. მერი რომ გახდა, მერეც ამბობდა, რომ ძალიან ძვირი დაჯდება და ვერ გავაკეთებო. მაგრამ 2022 წელს, უცბად გაიღვიძა კალაძემ, გამოვიდა და თქვა, რომ თურმე პოპულისტი არ ვყოფილვარ, თქვა, რომ დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ 1 წელიწადში გაიყვანდა ტრამვაის ხაზს. გავიდა სამი წელი, არანაირი ტრამვაი არაა. არჩევნებამდე რჩება 1.5 თვე, ეს უტიფარი, ეს ბოტოქსებიანი აფერისტი გამოდის და იძახის,რომ ახლა ვაცხადებ ტენდერს და ამისთვის თანხები უნდა გამოვყოო. ამით შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ დიდ დიღმელს. დიდი დიღომი არის რაიონი, რომელიც უკვე ერთი დიდი ქალაქი გახდა. უზარმაზარი პრობლემა აქვს დანარჩენ ქალაქთან კომუნიკაციის. დილა საღამოს აქ არის საშინელი საცობი. მართლა მოაგვარებს ტრამვაი დიდი დიღმელების პრობლემას, მაგრამ ამ პროგრამას განვახორციელებთ ჩვენ და არა ეს ბოტოქსებიანი აფერისტი. ამას განვახორციელებთ პირველივე დღიდან, როგორც კი კალაძეს საკუთარი კაბინეტიდან გამოვაგდებთ და ირაკლი კუპრაძე გახდება თბილისის მერი. მეორე დღესვე დავიწყებთ ამ პროექტზე მუშაობას“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება და ის დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.