პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ, პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულად დაზიანებისა და ცეცხლის წაკიდებისთვის ბრალდებული არჩილ მუსელიანცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

მისი განმარტებით, მოცემული მუხლი ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ რადგან მუსელიანცი წარსულში ნასამართლევი იყო, ამის გათვალისწინებით მინიმუმ ვადას ერთი წელი დაუმატა და ბრალდებულს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, მუსელიანცს ედავებიან, რომ პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება მიყენა და ცეცხლი წაუკიდა, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.

პროკურატურა არჩილ მუსელიანცის გამამტყუნებელ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 29 ნოემბერს, ბრალდებულმა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხულ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას, კაბელებს და საკაბელო ლითონის არხს ცეცხლი წაუკიდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხულ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 29 ნოემბერს, ბრალდებულმა თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხულ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას, კაბელებს და საკაბელო ლითონის არხს ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულმა ქმედებამ 534 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია განცხადებაში.