პარლამენტი მიმდინარე კვირაში ორ პლენარულ სხდომას გამართავს და სესიის ფორმატში მუშაობას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განაახლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მიმდინარე კვირაში გაიმართება ორი პლენარული სხდომა და სესიის ფორმატში მუშაობა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განახლდება.

„დღეს პირველი სექტემბერია, ხვალ სექტემბრის პირველი სამშაბათი, შესაბამისად, ჩვენ გავხსნით საშემოდგომო სესიას. დღეს საორგანიზაციო ხასიათის ბიუროს სხდომა გვექნება, მათ შორის ახალი ინიციატივების დასარეგისტრირებლად. ხვალ პლენარულ სხდომამდე 15 წუთით ადრე ასევე გვექნება ბიუროს სხდომა, სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას ჩამოვაყალიბებთ. პარლამენტის მუშაობის გრაფიკი შემდეგნაირი იქნება – პარლამენტის რეგლამენტით, საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, არ იმართება პარლამენტის პლენარული სხდომები. ამიტომ ჩვენ ამ გრაფიკს მივყვებით. მიმდინარე კვირაში გვექნება სხდომები და შემდეგ არჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ პაუზა იქნება. საკომიტეტო მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით და უკვე არჩევნების შემდეგ განვაახლებთ პლენარულ სხდომებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მომენტში, თუ საჭიროა იქნება, ასევე შეგვიძლია პლენარული სხდომის გამართვა, თუმცა, იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, პლენარული სხდომები სხვა დროს ტარდება ხოლმე, მიმდინარე თვეს არ გაიმართება.

რაც შეეხება მიმდინარე კვირას, არსებული წინასწარი დღის წესრიგით და ინიციატივებით, სავარაუდოდ დაგვჭირდება ორი დღე –  ხვალინდელი და ზეგინდელი დღე, სამშაბათი და ოთხშაბათი. მათ შორის მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველი გვექნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე უნდა ვცნოთ უფლებამოსილება პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრის, რომელიც უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად გახდებიან პარლამენტის წევრები. იცით, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ მიმართა ცესკოსაც, გარკვეული კორექტირები ჰქონდათ საარჩევნო სიაში და დაასახელა ის 12 პირი, რომელიც პარლამენტის წევრი გახდება. შესაბამისად, კომიტეტმაც განიხილა და ხვალ გვექნება კენჭისყრა მათი უფლებამოსილების ცნობის შესახებ. რა თქმა უნდა, იქნება მიმდინარე კანონპროექტების განხილვა. მიმდინარე კვირაში გვექნება ორი პლენარული სხდომა, შემდეგ პაუზა არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ გაანვაახლებთ პლენარულ სხდომებს. რა თქმა უნდა, საკომიტეტო სხდომები შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაატაროთ და კარგიც იქნება, რომ მიმდინარე საკითხები განიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.