ყველამ ვიცით, რომ „ენჯეოები“ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა - ირაკლი კობახიძე

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ენჯეოები იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„რაც შეეხება „ენჯეოებს“, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ეს აღიარა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამაც, USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულები კონკრეტული ორგანიზაციები, არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში. დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – განაცხადა პრემიერმა. 

„ენჯეოების“ წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარება არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ენჯეოების“ წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებას შეეხებოდა:

„მესამე სექტორი რას ნიშნავს – ვერავინ ახსნის ამას, ეს არის სრული ფარსი, ან „სამოქალაქო საზოგადოება“ რას ნიშნავს, ამასაც ვერავინ ახსნის. თუ „სამოქალაქო საზოგადოება“ არის „ენჯეოები“, მაშინ გამოდის, რომ ყველა დანარჩენი, სულ ყველა ვართ არასამოქალაქო საზოგადოება. პროფესორი, რომელიც ასწავლის უნივერსიტეტში, არის არასამოქალაქო საზოგადოება, საოცრებაა. ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითისგან“ თავს მოხვეული უბედურება, არავითარი „სამოქალაქო საზოგადოება“, არავითარი „მესამე სექტორი“ „ენჯეოები“ არ არიან. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე. სადამდე მივა გამოძიება, ეს მე არ ვიცი, ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება“, – აღნიშნა პრემიერმა.