პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 87-მა პარლამენტის წევრმა გაიარა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მუშაობის განრიგი გააცნო.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, როდესაც საარჩევნო წელია არჩევამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამიტომ, ამ ტრადიციას მივუყვებით, თუკი რაიმე საკითხი არ იქნება, რაც მოითხოვს ჩვენს შეკრებას. შესაბამისად, მხოლოდ მიმდინარე კვირას გაიმართება პლენარული სხდომები და შემდეგ უკვე 15 ოქტომბრიდან განახლდება პლენარული სხდომები.

რაც შეეხება მიმდინარე კვირას, პლენარული სხდომებისთვის ჩვენ ორი დღე დაგვჭირდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.