"საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის" - ეუთო/ოდირი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის

ეუთო/ოდირი მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნის.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ "საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის".

კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.

“გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება გულმოდგინე მომზადებასა და საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე წვდომის შესაძლებლბას მოითხოვს, ჩვენს ყოვლისმომცველ მეთოდოლოგიასთან შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად”, - განაცხადა ტელალიანმა.

ეუთო/ოდირში აცხადებებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს, ODIHR-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება.

"წარსულში, ODIHR-მა საქართველოდან დროული მოწვევები მიიღო 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად.

როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობის, ფუნდამენტურ თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით”, – აცხადებენ ეუთო/ოდირში.