არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალონ ერთმანეთს, კამპანიის დროს მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.
კალაძის თქმით, მოსახლეობა ყველა ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს.
„ამ დაჯგუფების მხრიდან მსგავსი ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა ამ ტიპის ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს. რაც შეეხება უშუალოდ ბანერების დაზიანებას, ყველაფერს კანონის ფარგლებში უნდა მოჰყვეს რეაგირება. არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალონ ერთმანეთს, კამპანიის დროს მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს. „ქართული ოცნების“ შტაბი არ მისულა არავისთან, არავის მყუდროება დაურღვევია და არავისთვის შეუშლია ხელი საარჩევნო პროცესებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძეს კითხვა დაუსვეს, „იღებს თუ არა პასუხისმგებლობას აქციის მონაწილეების მისამართების გავრცელებაზე“, რაზეც თბილისის მერმა აღნიშნა:
„სად ნახეთ ჩემი განცხადება მისამართების გავრცელებასთან დაკავშირებით? სასაცილოა ამ კითხვის დასმაც, რადგან თქვენ ხართ ზუსტად მოძალადეები, აღვივებთ შუღლს, თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიებით ცდილობ, საზოგადოება დააპირისპიროთ. არ მახსოვს გამოსულიყავით და დაგეგმოთ ძალადობა. პირიქით, ყოველთვის ახალისებთ და ტაშს უკრავთ“.
კახა კალაძემ გუშინ შტაბთან გამართულ აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ბულინგზეც ისაუბრა.
„არც ეს არის პირველი შემთხვევა. გაიხსენეთ წინა ძალადობრივი აქციები. ყოველ ჯერზე მიმდინარეობდა ბულინგი, შეურაცხყოფა, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ, რაც ძალიან მძიმე ფაქტია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შტაბის წარმომადგენლებს ჰყავთ თუ არა ჯგუფები მობილიზებული, კახა კალაძის თქმით, იქ ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
„შტაბს არავინ ჰყავს მობილიზებული. აქ ყოველდღიურად ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ხალხი მუშაობს, რადგან მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. აქციაზე მყოფ ნიღბიანებს რაც შეეხებათ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან. ნიღბის ტარება არის დანაშაული, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და უნდა მოჰყვეს რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.