გვაქვს კონკრეტული მიზანი, გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან - პრემიერი

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ ჩავარდა, რაც ძალიან კარგია. 

 

„რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, რომელიც სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი დამოკიდებულია თავად აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, თავად  ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.

 

„რაც შეეხება ჩინეთს, პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაა, რომ მან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან. როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ამერიკელი „დიფ სთეითის“ აგენტები უარყოფითად მოიხსენიებენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ეს არის ძალიან დიდი სპეკულაცია. თვითონ ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა გააღრმაოს ჩინეთთან პარტნიორობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ის განცხადებები, რასაც აკეთებენ როგორც ქართული, ასევე „დიფ სთეითის“ კონკრეტული აგენტები“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რას ნიშნავს, როდესაც აღნიშნულ კონფერენციას მართავდა ჯო უილსონი, რომელიც კავშირშია ოპოზიციასთან. 

„ჯო უილსონი, პირველ რიგში, არის Deep State-ის აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში, ისიც არის Deep State-ის აგენტი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი. გუშინ ვაშინგტონში ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა. როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღისით მზისით, უნივერსიტეტის ეზოში მოხდა საზარელი მკვლელობა, რაც დაგმეს უმაღლეს დონეზე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პირადად პრეზიდენტმა ტრამპმა.

 

„ეს არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი. აქედან ჩანს ის, თუ საითკენ მიაქანებენ ეს ე.წ. ლიბერალები, ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს. ეს არის შემაშფოთებელი, კატასტროფული ტენდენციები, ამის გამოხატულება იყო სხვათა შორის ის აქცია, რომელიც გამართეს სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ. აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს არ ჰგავს. ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები, უცხოური დაფინანსებით კონკრეტული იდეოლოგიით. ასეთ სახემდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც არის ნამდვილად ტრაგიკული მოვლენა. 

 

გავრცელდა მედიაში ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოეხმაურნენ „ნაცი“ აქტივისტები, მათ შორის ე.წ. პოლიტიკოსები თუ როგორც არის, ამ მკვლელობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ აშშ-ში. მათ შორის იყო გვარამიას პარტიის ერთ-ერთი „თვალსაჩინო“ წევრი, მე მგონი, ათეულში იყო დასახელებული ფარჯიანი, რომელიც ასევე კაცს არ ჰგავს რომ შეხედავ. გარეგნობაზე კი არ მაქვს საუბარი, საუბარი მაქვს იმაზე, თუ რა სულიერ მდგომარეობამდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც შემდეგ მათ გარეგნობაშიც გამოიხატება და გარეგნობაზეც აისახება. კაცი პირდაპირ, არც მეტი არც ნაკლები, სიცილით შეხვდა ამერიკელი აქტივისტის მკვლელობას, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. აქედან ჩანს ერთი მარტივი რამ, „ნაცი“ არის მკვლელი და „ნაცი“ არის ბნელი. ფარჯიანი, ნათია ჭკუასელი და ა.შ. რამდენიმე გვარი იყო გაჟღერებული, რომელიც სიცილით და დაცინვით შეხვდა ამ მკვლელობას, მათ შორის იქ იყვნენ კომენტარების ავტორები, ის ადამიანები 150-დან ერთი ორი ადამიანი, რომელიც იმ კონკრეტულ სახედაკარგული ადამიანების აქციაში მონაწილეობდა. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ „ნაცი“ არის მკვლელი და „ნაცი“ არის ბნელი. „ნაცში“ ვგულისხმობ ყველა უცხოელ აგენტს, ყველა გარედან დაფინანსებულ აქტივისტს, ყველა „ტიტუშკას“, რომელიც იყო ჩვენს შტაბთან მისული, ესენი არიან „ნაცები“, „ნაცი“ არის მკვლელი, „ნაცი“ არის ბნელი.

 

ჩვენ ვატარებდით სოციოლიგიურ კვლევებს, ერთ საინტერესო რამეზე უნდა გავამახვილო ყურადღება, თავიდან გვიკვირდა ჩვენ, როგორ არ იციან კონკრეტულმა ადამიანებმა, რომ „ნაცები“ იყვნენ მკვლელები, ჩადიოდნენ უამრავ მკვლელობას და ა.შ. ყველამ ყველაფერი იცის. სოციოლოგიურმა ჯგუფებმა, ე.წ. ფოკუს ჯგუფებმა დაადასტურა, რომ „ნაცებმა“ იციან, რომ „ნაცები“ არიან მკვლელები, მაგრამ მაინც უჭერენ მათ მხარს - რატომ? რადგან „ნაცი“ თავისთავად  არის მკვლელი და მკვლელიც იმიტომ არის, რომ არის ბნელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. 

 

„ღრმად დამწუხრებული ვარ გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, გამორჩეული ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის  გამო.  

 

ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის!

 

საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს. ჩემი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან და ახლობლებთან არის“, - წერს ირაკლი კობახიძე.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფიშერი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში. 

„ფიშერის დაცვა, ესეც ტრაგიკული აქტია. არ მინდა ამაზე განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო. იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი. როცა ხაზარაძის მდგმური ხარ, მეტი ტრაგედია რა არის“, - განაცხადა პრემიერმა.