22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციას 27 წელი შეუსრულდა. სასაზღვრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები და თანამშრომლები დაესწრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული გმირი მფრინავების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და პროფესიონალიზმისთვის, რაც ხშირად მათ სიცოცხლისთვის რისკის ფასად უჯდებათ, მადლობა გადაუხადა.
დავით თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა სასაზღვრო ავიაციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომზე გამოფენილი ახალი H145-ის ტიპის შვეულმფრენები დაათვალიერეს და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის და, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო, სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარებისა და სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ოპერაციებსა და ღონისძიებებში.
ბოლო სამი წლის განმავლობაში სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ შეასრულა 728 სხვადასხვა სახის დავალება, რაც, საერთო ჯამში, ფრენის 1662 საათს შეადგენს“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
