"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა" - პრემიერი

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალაის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უწევდა  ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ.

 

„ასეთი განცხადებები არის სამწუხარო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა. ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, მათ შორის, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, მედიასაშუალებები და ა.შ. ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება. ჩვენ გვიწევდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გარე ინტერვენციის მიმართ. ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთეთ, დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები. დანარჩენი არის სამწუხარო. ასეთი განცხადებები არის სამწუხარო, არ არის სამართლიანი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჩანაცვლდება სამართლიანი განცხადებებით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა პერსონალური კონფლიტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას. 

 

„ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა არის პერსონალური დისკომფორტიც, მათ შორის, ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ ყოველ ჯერზე გარედან ავალებენ გაერთიანებას, მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ პერსონალური კონფლიტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას. აქაც იგივე ხდება, ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყველა ჯერზე. 10 არჩევნები მოვიგეთ ამასობაში. ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ, იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც.  

 

„ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები. ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი. საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დრესაც. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და აქედან გამომდინარე, საჭიროა ლავირება, საჭიროა მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და ასე ვმუშაობთ მთელი ამ წლების განმავლობაში “, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის დროს განხილულ მთავარ თემებზე.  


„საუბარი მქონდა სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე დაკავშირებადობის კუთხით. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან საინტერესო მოცემულობაშია ჩვენი რეგიონი. ჩრდილოეთისკენ არის მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვგულისხმობ და  არის სამხედრო დაპირისპირება, კრიზისი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად საქართველოც მათ შორის, არის მოქცეული ამ ორ სამხედრო კონფლიქტს  შორის. ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, არსებობს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონს და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები. 
ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები,  სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ. შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენი როლი გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ. 
საუბარი მქონდა ასევე იმ ინვესტიციებზე, რომლებიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სფეროში. ყველა დეტალთან დაკავშირებით გავუზიარე ინფორმაცია და მოსაზრებები ჩვენს კოლეგებს, რაც შეეხება დაკავშირებადობას. 
ასევე, ერთ-ერთი თემა იყო მწვანე ენერგია, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. აქაც გავაცანი კოლეგებს ჩვენი გეგმები. ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გენერაცია, გამომუშავება გაიზარდოს 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გახდება მთლიანად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ელექტროენერგია. ამ კუთხით ხაზი გავუსვი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც. ყველა ამ თემაზე გვქონდა საუბარი კოლეგებთან“, -  განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება.

 

„არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. რით დაიწყო ეს ყველაფერი არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის. იყო პირდაპირ, თავის დროზე, ომში ჩართვის მოთხოვნა, პირდაპირ გაჟღერდა ეს მოთხოვნა კონკრეტულ შეხვედრაზე და ამას მოჰყვა შემდეგ შანტაჟი ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც გრძელდება მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ ყველაფერში ვიღაც-ვიღაცებმა ჩართეს ევროპული ბიუროკრატიაც, ეს არის საერთო ინტერესი. როდესაც არის უხეში პოლიტიკური ინტერესი, იქ, რა თქმა უნდა, არგუმენტები არ ჭრის, იქ არის შიშველი პოლიტიკური ინტერესები და კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, გამოიყენონ მათ შორის ევროპული ბიუროკრატია ამ ინტერესების გასატარებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო.

ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდებოდა და რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და ვსაუბრობთ ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები. ეს არის პოლიტიკა, სამწუხაროდ, პოლიტიკაში არის ბევრი სიბინძურე, მათ შორის, ევროპაშიც და მთავარია, რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა დღეს შექმნილი, რომ ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი, რბილად ვამბობ, ინტერესები. ეს თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ვითარება გაუმჯობესდება.

რაც შეეხება კანონებს, კანონები ეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის სწორედ, რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასეთ დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ კანონების გაწვევაზე, ეს კანონები ეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის აუცილებელი როგორც ხელისუფლების შემთხვევაში, ისე მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების შემთხვევაში. ეს არის ტრადიციული ევროპული ღირებულება და როდესაც კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, თუ პოლიტიკოსები უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, აქედან ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა.

 

„ჩვენ გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ამ რეჟიმის პირობებში ეკლესიის წინააღმდეგ. 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ეს კამპანია. თვითონ ურიგებდნენ სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თვითონ იწყებდნენ კამპანიას ამ ჯიპებთან დაკავშირებით. ეკლესიის დისკრედიტაცია სხვადასხვა ფორმით, კომპრომატებით შანტაჟი და .შ. უამრავი უბედურება ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ეს ყველაფერი შეიცვალა და მიდგომები შეიცვალა. დღეს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ეფუძნება პრინციპებს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია სეკულარიზმის პრინციპი და ჩვენ ამ პრინციპით ვაპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას. თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და თვისებრივად განსხვავებული იყო ამისგან ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში“, - განაცხადა პრემიერმა.

სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შეეხებოდა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი სიტყვა პატიმარს რომ ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია.

 

„თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თავის დროზე საპატიმროებში, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ადამიანების წამება, დეტალებში აღარ შევალ, გახსენებაც არ გვინდა ამ ყველაფრის. ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება. როდესაც ასეთ პირობებში სააკაშვილი სიტყვა პატიმარს ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია. ამაზრზენია ეს ყველაფერი,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ სამიტში მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. 

 

„რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს არის სერიოზული პრობლემა ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ხშირად გვიწევს ხოლმე კომენტარების კეთება, გვიწევს ვუპასუხოთ ხოლმე. დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება. 

 

ამ სამიტში მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, არ შევალ დეტალებში, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ აქ იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკოსები, რომლებსაც გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა, თუმცა ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ზოგადად ყველა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ამ შემთხვევაში ყველა პრობლემა მოიხსნება. აქ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია. ამ ფორმატში საერთოდ არ ყოფილა საუბარი, მქონდა გასაუბრება არაერთ ლიდერთან. ამ ფორმატში ლიდერების ნახევარზე მეტთან გაქვს გასაუბრების საშუალება ასეთია ეს ფორმატი. ყველასთან მქონდა საუბარი იმ რეალობაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ ყველას, ეს არის საერთო შინაარსი, რაც შემიძლია გადმოგცეთ ამ ფორმატთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და  ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე.

„ჩვენი გუნდი არის ძალიან ეფექტური, რამდენიმე მინისტრისგან შედგება მთლიანობაში ეკონომიკური გუნდი და თქვენ იცით, რომ პოლიტიკა არის ძალიან ეფექტიანი. ასევე, დავამატებდი ეროვნული ბანკის როლს, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით ახორციელებს შესაბამის მონეტარულ პოლიტიკას საქართველოში და მართავს შესაბამის პროცესებს. გუნდი არის ეფექტიანი. საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და  ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგები. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი არის ის, რომ პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ტურიზმის სფეროში გვქონდა სერიოზული დანაკლისი ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კრიზისის ფონზე და ა.შ.  ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი კვარტალი დაიხურა 9.1% ეკონომიკური ზრდით. იგივე მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ეკონომიკას. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ჯერ კიდევ 350 000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჯერ კიდევ დაბალია საშუალო ხელფასი, რომელიც დაახლოებით 2 400 ლარია. შესაბამისად, გვჭირდება ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი და საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში“, -  განაცხადა პრემიერმა.