„ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას - ირაკლი კობახიძე

ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება, როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ქეთი დევდარიანის განცხადებას ეხებოდა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით.

„ეს ადამიანი არის ერთ-ერთი სახე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“. მათთვის მისაღები იყო, რაც მოხდა თავის დროზე, 2007 წელს იმედის წინააღმდეგ. შესაბამისად, მათთვის მიუღებელია ის, რომ თავის დროზე, ხელისუფლების შეცვლის და დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ ტელეკომპანია დაუბრუნა კანონიერ მფლობელს. მათ ერჩივნათ საკუთარ მფლობელობაში ჰქონოდათ უკანონოდ, როგორც ტელეკომპანია „იმედი“, ასევე სხვა ტელეკომპანიები. ზოგადად, ეს არის მათი სახე, მედიის თავისუფლების სრული უგულებელყოფა. მათთვის საერთოდ არავითარი ღირებულება არ არის მედიის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მაღალი მატერიები ამ ადამიანებისთვის არის სრულიად უცხო. დღეს ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე. ტრადიციული ევროპული ღირებულებები არის მათთვის სრულიად უცხო. დღეს რომ ეს ადამიანები საუბრობენ ევროპაზე, ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერთან დაკავშირებით. ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება, როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც განასახიერებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არის სწორედ თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი. არავითარი ფასი არ აქვს ამ ადამიანის განცხადებებს, გარდა ერთისა, ეს განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ „ნაცმოძრაობის“ სახეს. „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას, დემოკრატიული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას და ამაზე ისინი საუბრობენ ძალიან თამამად იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი სახე გამოაჩინონ და აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ ამას

ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის. 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება, მათ ხალხთან მისასვლელი პირიც არ აქვთ. დააანონსეს ხალხში გასვლა და ხალხში ვერ გავიდნენ. ერთმანეთსაც კი ვერ ელაპარაკებიან, არათუ, ხალხთან შეუძლიათ საუბარი. ასეთ პირობებში, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.