"ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა" - პრემიერი

მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა.

 

„ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება.

 

აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც.

 

„მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2. სინამდვილეში, ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე, თუმცა, მოლდოვას ამისათვის არავინ აკრიტიკებს. ასეთ ფონზე, როდესაც ორი სახელმწიფო ტელევიზია დატოვეს სინამდვილეში მოლდოვაში, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც. მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენათა ჯაჭვი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებას ეხებოდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. 

„ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს. სინამდვილეში, მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, ზოგადად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას, უკეთეს ჯანდაცვას, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს და ა.შ. ეს სინამდვილეში მათ აწუხებთ და თავს იმშვიდებენ რაღაცნაირად იმით, რომ აქცენტი გადაიტანონ საზოგადოების განსხვავებულ თითქოს და დამოკიდებულებაზე. როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა,  ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ. ეს აწუხებს ნიკა გვარამიას და ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა, თავი დაიმშვიდოს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა.

 

„ეს განცხადება უპრინციპობაზე მეტყველებს. როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, თუმცა, მათთვის ეს დამახასიათებელია. უპრინციპობა უკლებლივ ყველა ამ პარტიისთვის არის დამახასიათებელი. სინამდვილეში, ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა. ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტიც არის აბსოლუტურად ხელოვნური. ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას,  რას გააკეთებს მთავრობა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, როდესაც  საპატრიარქოს ექნება თხოვნა. 

„აქ, არის მარტივი მიდგომა. თუ კონკრეტული პატიმრები  ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა,  ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული, მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი მარტივი გამოკიდებულება“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს. 

„სადაც იქნება სინანული, სადაც იქნება დანაშაულის აღიარება, იქ ჩვენ გვექნება შესაბამისი მიდგომა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ეს ჩვენი მიდგომა, მათ შორის  სინანულთან დაკავშირებული, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აბსოლუტურად თავსებადი იმ მიდგომასთან, რომელიც უნდა ჰქონდეს ეკლესიას. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. 
სინანული არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი რა არის, არავის არ უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გახსოვთ, იყო რევოლუციის ერთი მცდელობა, როდესაც სულ ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული. გადაწვეს ლამის ნახევარი ქალაქი, ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, შემდეგ იყო დაპატიმრებული 6 ადამიანი. ესეც არ იყო სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის მე-3 მცდელობა. ამის შემდეგ დაპატიმრებული იქნა დაახლოებით 30 ადამიანი, რამაც თავისი პრევენციული ეფექტი იქონია. 
სინანული რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვინმეს ბოდიში კი არ გვჭირდება ან რაიმე ამდაგვარი. ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის. როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. რა თქმა უნდა, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“, -  განაცხადა პრემიერმა.

17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ  1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში.

„წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და შესაბამისად, ეს წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე.

 

„26 მაისს რაც შეეხება და ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ნებისმიერი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული და ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს  გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ მზად არის, განიხილოს ყველა დეტალი აშშ-ს მხარესთან და კონკრეტული გზამკვლევით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა.

 

„ასეთია წინასწარი განაცხადი, რომ ჩვენ, მაისის ბოლოსთვის, კონკრეტული ფორმატის ფარგლებში უნდა განვიხილოთ კონკრეტული დეტალები. დაველოდებით ინტერესით ამ ყველაფერს.

ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ეს არის ჩვენთვის ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ თვისებრივად განახლდა ურთიერთობები, ამაზე ვართ ორიენტირებულები. იმედი გვაქვს, საქმიანად განვიხილავთ თითოეულ დეტალს, რაც შემდგომში უნდა გახდეს სტრატეგიული პარტნიორობის განახლების საფუძველი. დეტალებს წინასწარ ვერ გავასაჯაროებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხი და მნიშვნელოვანია აღდგეს მშვიდობა უკრაინაში.

 

„ჩვენ უკრაინას ვერანაირ წინაპირობას ვერ დავუყენებთ, ეს არის ომში მყოფი ქვეყანა. უკრაინას პირველ რიგში ვუსურვებ მშვიდობას. უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში აღდგეს მშვიდობა. იცით, რა მდგომარეობამდე მიიყვანა მიმდინარე ომმა უკრაინა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა, უამრავი ადამიანია დაღუპული, დაახლოებთ 10 მილიონი ადამიანი ქვეყნიდან არის გასული. ჩვენთვის მთავარია, რომ მშვიდობა აღდგეს უკრაინაში. რაც შეეხება წინაპირობებს, ჩვენ ვერავითარ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ, უფრო მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, ვაპირებთ, დავრჩეთ სწორედ ამ რეჟიმში შესაბამისად, არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების წამოყენებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეცვლის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თქვენ იცით, რა იყო ეს ნაბიჯები - როდესაც ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები, ამას მოჰყვა უკრაინის ელჩის გაწვევა საქართველოდან. შემდეგ, ჩვენი ელჩი, რომელსაც ერთი დრით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების შემდეგ, პრაქტიკულად, გააძევეს ქვეყნიდან. ამის გარდა, იყო პირდაპირი მოწოდებები, პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის, უშიშროების საბჭოს მდივნის, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ა.შ. იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების დაყენებას. ჩვენ ყველა შემთხვევაში მზად ვართ, დავრჩეთ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა.