ოპოზიცია მოქმედებს გარე დაკვეთების მიხედვით, გარე დაკვეთებიც არასწორად განისაზღვრება, რადგან მათი პატრონები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას - კობახიძე

ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის პატრონები არასწორად ხედავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

„მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თავად პრეტენზია აქვთ, რომ უკეთესები არიან, თუმცა რამდენად ვინმეზე უკეთესები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ამაზე საზოგადოებას უკვე გამოტანილი აქვს საკუთარი დასკვნები. არასწორად ხედავენ მათი პატრონები საქართველოში არსებულ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე როდესაც 5 000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციას რესურსი პრაქტიკულად არ აქვს.

„რასაც ვწინასწარმეტყველებდით, ის მოხდა, მორიგი აქცია ჩაუვარდათ. გამოსული იყო ადამიანების ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლებაა. როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ. დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს თუნდაც ორი წლის წინ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. მათ მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ“, – განაცხადა კობახიძემ.

დიდი ბრიტანეთის დასანქცირებული სამი კომპანიის სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება.

„მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს არის ბრიტანული ხელისუფლების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს რომ „დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები“.

ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი. ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამის მიზეზია მათი წარსული.

„ეს ინფორმაცია არსებობდა. ყოველ ჯერზე მათ ჩამოჰყავთ ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა. იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი. ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი. ამის მიზეზია მათი წარსული და უახლესი წარსულიც, მათ შორის. საზოგადოების ნდობას ეს ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ. ისინი არიან აბსოლუტურად უსახური და უსუსური ადამიანები. შესაბამისად, მათ აქვთ წარმატების აბსოლუტურად ნული რესურსი“, – განაცხადა პრემიერმა.

ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე თავდასხმის ახალი პატარა ტალღა არის წამოსული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც ღალატის ფორმულაა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე.

„ჩვენი ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით, დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.