ირაკლი კობახიძე სენაკში, რძის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთნ, დავით სონღულაშვილსა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სენაკში, რძის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „არია“ დღე-ღამეში სამ ტონა რძეს ამუშავებს და პროდუქციას ადგილობრივ ბაზარს აწვდის.

მათივე ცნობით, საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. საწარმო გაფართოებას და ამ მიზნით სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაური და მინისტრი სასკოლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ და მასწავლებლებს შეხვდნენ.

„600-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად განახლდა სასწავლო სივრცეები. მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური ლაბორატორია, გარე მოედანი და სააქტო დარბაზი.

შენობაში დამონტაჟდა ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირდება სკოლის სტადიონიც.

ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

სამეგრელოში დღეს მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი, პირველი იყო აგრარული საწარმო სენაკში, სადაც იწარმოება ქართული ნატურალური რძის პროდუქტები. სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ასეთ საწარმოებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზუგდიდში უკვე აშენდა 1 700 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები და დაახლოებით ერთ წელში ეს ოჯახები გარემონტებულ ბინებს მიიღებენ.

„დღეს მოვინახულეთ სამეგრელოში რამდენიმე ობიექტი, პირველი იყო აგრარული საწარმო სენაკში. ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, სადაც იწარმოება ქართული ნატურალური რძის პროდუქტები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საწარმოს, ზოგადად, ასეთი საწარმოების გაფართოება და სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ასეთ საწარმოებს.

ასევე, სენაკში მოვინახულეთ ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა და ზუგდიდში დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები. დაახლოებით 1.5 წლის წინ აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ხედავთ, რომ 1 700 დევნილი ოჯახისთვის უკვე აშენებულია კორპუსები. დარჩენილია, ბუნებრივია, შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით ერთ წელიწადში ამ კორპუსებში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ზუგდიდში 1 747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაეცნო.

„დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლებიც უკვე აშენებულია. დარჩენილია შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით ერთ წელიწადში ამ კორპუსებში 1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროექტის ფარგლებში შენდება შვიდი კორპუსი, რომელთაგან ორი კორპუსი  დასრულებულია, ხოლო სამ კორპუსში სრულდება შიდა სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები. განსახლების პროგრამა მშენებლობის დასრულების შემდეგ გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

დევნილ ოჯახებს ზუგდიდში ბინები დასრულებული რემონტით 2027 წელს გადაეცემათ.