ჩვენთვის მთავარია, რომ მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული - ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს მნიშვნელოვანია, რათა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ახლა შიგნით ეძებს განტევების ვაცს და სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ აქცია ჩავარდებოდა. ნახეთ, რომ ჩავარდა. აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც სისუსტეს ხედავ, შიგნით ეძებ განტევების ვაცს და აქედან გამომდინარეა ეს დაპირისპირება. ეს მათი საქმეა. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მის მიმართ მხარდაჭერა მიზერულია და ეს არის მნიშვნელოვანი, რათა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია“.

„კარგია შიდა დაპირისპირება, ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება. რაც უფრო სუსტია ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერია ქართული სახელმწიფო. შესაბამისად, სასურველია, კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია. ეს პირდაპირპროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.