საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრით დაიწყო.
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ლიდერებმა ერთმანეთს საქართველოსა და ყირგიზეთის მთავრობის წევრები წარუდგინეს.
გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სადირ ჟაპაროვს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, ეს არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენს ქვეყნებს კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებობს მისი კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, არამედ კულტურისა და განათლების მიმართულებით. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი არის ახალი თავი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოში თქვენი ლიდერობით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. გამოვთქვამთ მზადყოფნას სავაჭრო-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და თქვენი წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს”,- განაცხადა სადირ ჟაპაროვმა.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის პოტენციალს და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ეს იყო ძალიან დროული სხდომა, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა დეტალურად განეხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების გაზრდის შესაძლებლობები.
„გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. აქვე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ პრეზიდენტს და სრულიად ყირგიზეთს ისტორიული გამარჯვება, რომელიც მან გაერო-ს უშიშროების საბჭოში მოიპოვა და რომლის საფუძველზეც ყირგიზეთი 2027-2028 წლების პერიოდში დაიკავებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის პოზიციას.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა და ძალისხმევის გაძლიერების მიზანშეწონილობა მისი განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.
ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებას და მოხარული ვართ, რომ ეს პროექტი სწრაფი ტემპით ხორციელდება. ეს პროექტიც დამატებით შეუწყობს ხელს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საქართველოს თავის მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში. მთლიანობაში, ეს პროცესები, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებს შორის და კონკრეტულად ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.
„ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდის მნიშვნელობაზე. ამას აქვს დატვირთვა,როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა დამატებით ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.
ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოსა და ყირგიზეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება და მუდმივი დიალოგის შენარჩუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე ვიზიტით საქართველოში მისთვის მოსახერხებელ პერიოდში. დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მალე განხორციელდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ, მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.
დასასრულს, ჩემი და დელეგაციის წევრების სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის და მიღებისთვის და განვითარების შთამბეჭდავი ტემპების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მადლობა და მინდა, წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყირგიზეთში დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ვიმყოფებოდე ყირგიზეთის რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები, როგორც აღინიშნა, ეს არის უმაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტი არის ისტორიული.
იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენს გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ასევე შევეხეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხს. აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა ჩემი და ყირგიზეთის პრეზიდენტის, ერთობლივ განცხადებას, ორმხრივ დოკუმენტებს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის სამომავლოდ.
მინდა, ჩვენს მეგობრებს მადლობა გადავუხადო უმაღლეს დონეზე გულთბილი მასპინძლობისთვის.
წელს ყირგიზეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს და მსურს, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ყირგიზ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.
აქვე ვისარგებლებ შემთხევვით და გამოვხატავ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უპირობო და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის.
არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საქართველო- ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.
ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობასე მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამას აქვს მარტივი მიზეზი - საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან.
„საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში.
„გრძელდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი. ჩვენ ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები, სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან.
ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, ყირგიზეთიც მაქსიმალურად ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს საერთო ერთგულებას, გაფართოვდეს თანამშრომლობა და გაუმჯობესდეს ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის.
„მოხარული ვარ ყირგიზი ხალხის გულთბილი მასპინძლობით. ეს ისტორიული ვიზიტია. დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება და ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.
"განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა და სხვა - საერთო ინტერესების საკითხები. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოებისადმი,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
