ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სერბეთიდან  პრეზიდენტის დონეზე პირველად განხორციელებული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ახალ იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ სერბეთის მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, მზადაა სერბეთთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალის სრულად ათვისებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა განაგრძობს ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების განხორციელებას და იმედი გამოთქვა, რომ სერბეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა და საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე,"- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩემთვის საოცარი იყო აღმომეჩინა, რომ ღვინის მიმართულებით ტურიზმის გარდა, თქვენ სათხილამურო ტურიზმიც გქონიათ. ეს ჩემთვის სიახლე იყო. ეს თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპის ინფრასტრუქტურის მსგავსია, ბევრს უყვარს საქართველოში ჩამოსვლა, ბევრს უყვარს საქართველო მრავალი მიზეზის გამო. კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს ვუსურვო დიდი წარმატება მომავალში. ძალისხმევა ნამდვილად შესაშური. თქვენი ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს მთლიანი შიდა პროდუქტის წილი იქნება თუ სხვა მაჩვენებელი, ძალიან საამაყოა. ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონოდეს ჩემს ქვეყანას. დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის და იმედი მაქვს, რომ თქვენც, როდესაც ჩვენთან ჩამობრძანდებით, სახლში გაგრძნობინებთ თავს. ძალიან დიდი მოგონებები მიმყვება თბილისიდან, მადლობა მეგობრობისთვის და ჩვენი ერების ასეთი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. 

„პირველ კვარტალში 36.4% იყო ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით ზრდა. სერვისები, ტურიზმი - ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, იმიტომ, რომ პირდაპირი ფრენები არსებობს. ეს მაჩვენებელი იზრდება სერბი ტურისტების საფუძველზე. ვისურვებდი, რომ ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში. თბილისში ჩამოსვლა არის დიდი სიამოვნება და ველი, რომ ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ სერბეთში და ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს ქვეყანაში. 
ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი მიმართულებით და ხედვაც ძალიან დიდი გვაქვს. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში.  ამის საფუძველზე მოხდება დაჩქარება ურთიერთობების ზრდის. ეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. დაგვრჩა სულ მცირე, რომ დავასრულოთ ამაზე მოლაპარაკებები და დავიწყოთ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიური ვაჭრობა. ამ შეთანხმებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოდან შემოდის კომერციული არხებით ძალიან ბევრი სერვისი. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან, ამ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენი წვდომა იქნება შეუზღუდავი. მომხმარებლები სერბეთში დიდად ისარგებლებენ ასეთი მნიშვნელოვანი იმპორტით საქართველოდან. მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის ეს ორმხრივად მნიშვნელოვანი იქნება. 
მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოში  გაიხსნება სერბეთის საელჩო. იმედია, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული  საქართველოს საელჩოს გასახსნელად სერბეთში. ამით მხარს დავუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას. ასეთი მაღალი კალიბრის ინტეგრაცია იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ამით სერბეთის და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს და ძალიან კარგი იქნება ორივე მხარისთვის“, -  განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ყურადღებით აკვირდება საქართველოს და ცდილობს, რომ გაუმჯობესდეს.

 

„მადლობას ვუხდი საქართველოს იმ მიღწევისთვის, რომელიც ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით აჩვენა. ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ძალიან გაკვირდებათ, ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ისინი ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ,“- აღნიშნა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

მისივე თქმით, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 % და მსგავსი ევროპაში არსად არის, სწორედ ამიტომ, სერბეთი ბევრს სწავლობს საქართველოსგან.

„დიპლომატიური კავშირების მიღმა ჩვენს ქვეყნებს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები. მე ვარ სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში და მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისთვის. მადლობას გიხდით ასევე ამ ურთიერთობებისთვის. საქართველოს ჩვენ ვუყურებთ არამხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანასა და ერს, არამედ ჩვენ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გაგვაჩნია და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება პატრიარქ შიო მესამესთან მქონოდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის, რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა სამომავლოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. გვქონდა შეხვედრები, სხვა ღონისძიებები, სადაც ძალიან თბილად ვურთიერთობთ. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა. ამას ვსაუბრობ სერბეთის სახელით, სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 %. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა, მაგრამ ვხედავთ საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთში ვამბობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა. ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობ თქვენგან. 12 % იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდა. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება  ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ,“- აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით.
 
„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს ვმასპინძლობდეთ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც მტკიცედ ზრუნავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, განმტკიცებაზე და მაქსიმუმს აკეთებს სერბი ხალხის კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, ვმასპინძლობდეთ დღეს ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს, სერბეთის პრეზიდენტს. 

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით. 

საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები ემყარება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ხალხთაშორისი კავშირების ხანგრძლივ ტრადიციებს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობა და საერთო ფასეულობები. ამ კუთხითაც, ხაზი უნდა გაესვას ბატონი პრეზიდენტის განსაკუთრებულ ძალისხმევას იმისათვის, რომ სერბეთმა მტკიცედ იზრუნოს საკუთარი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის დაცვაზე, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია, განსაკუთრებით, თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში. ეს ღირებულებითი კავშირი კიდევ უფრო  მეტად განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის ახალ იმპულსს და ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. 

ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხელისუფლებები ძალიან კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო, ბუნებრივია, არის სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე და განგვეხილა ჩვენი კავშირების, თანამშრომლობის   შემდგომი გაღრმავების  პერსპექტივები.  განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი დონის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა. უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. დარწმუნებული ვარ, დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს საქართველოს მიმართ.

 

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ.

 

კიდევ ერთხელ მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ. მადლობა მას ამისთვის. სერბ ხალხს მინდა, ვუსურვო წინსვლა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, მისასალმებელია საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ უკვე ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.

 

ასევე საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო,  „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი,“- აღნიშნა პრემიერმა.