ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.
„ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.
ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის მიხედვით, 2025-2026 წლებში პირდაპირი ეკონომიისა და ტენდერების ოპტიმიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 390 მილიონზე მეტი დაიზოგა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმალური მართვის პრინციპები ფართოდ ინერგება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროშიც.
„მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის როგორც ადმინისტრაციული და საკადრო ხარჯების, ისე პროექტებისა და შესყიდვების ოპტიმიზაციის გზით. მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვისა და გაუმჯობესების შედეგად დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი.
პრაქტიკული ნაბიჯების პარალელურად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გააძლიერა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანობა. ახალი მექანიზმები ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო აქტიურ მონაწილეობას, ისე სახელმწიფო სახსრების უფრო პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მართვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას.
„ბოლო წლებში დაინერგა ელექტრონული ცნობების გაცემა, საერთაშორისო მართვის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური გადაფორმების სისტემა, რაც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობის საშუალებას სახელმწიფო უწყებაში მისვლის გარეშე აძლევს.
საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანაა, ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდავქმნათ. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მექანიზმები.
მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას.
„მოხარული ვარ, მოგესალმოთ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტს და ყველა იმ პარტნიორს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზება.
მინდა მოგილოცოთ საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე და მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც ყოველდღიურად, პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურება სახელმწიფოს.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.
სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგია იუსტიციის სახლების მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გამორჩეულ მაგალითად ჩამოყალიბდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისზე აქვთ წვდომა.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის დანერგვაც, რომელიც უკვე 63 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. შედეგად, მოქალაქეებსა და ბიზნესს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისებზე წვდომა როგორც დისტანციურად, ისე „ერთი ფანჯრის“ პრინციპის საფუძველზე აქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობისა მეთაურის თქმით, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას.
„ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას, რომლის ფარგლებში ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ადამიანური კაპიტალის მართვისა და საჯარო სამსახურის განვითარების თანამედროვე სისტემები.
დღეს საჯარო სექტორში 45 000-მდე მოსამსახურეა დასაქმებული. საჯარო სამსახურში ღია და კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დასაქმების ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დაახლოებით 3 500 ვაკანსია გამოქვეყნდა.
მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერაც. ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 1 400-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა პირველი პროფესიული გამოცდილება სწორედ საჯარო სექტორში მიეღო, ხოლო ასეულობით მათგანმა პროფესიული საქმიანობა საჯარო სამსახურში გააგრძელა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თმით, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება.
„ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ინსტიტუციურ რეფორმებსა და ეკონომიკურ პროგრესს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება. ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც საჯარო სექტორის შემდგომ განვითარებას დაეხმარება. ფორუმს ვუსურვებ წარმატებას, ფორუმის მონაწილეებს ვუსურვებ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.
ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა ჯარიმების შემცირება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად გაზრდილი ჯარიმებით, შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი.
„გასული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული 10 წლის განმავლობაში. ეს არის პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა იმ ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. უხეში დათვლებით დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
