საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს თარმან შანმუგარატნამს შეხვდა. 

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე, როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე. 

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა. 

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 

პრემიერ-მინისტრმა  სინგაპურის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის  განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

„პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის  განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები“, - აღნიშნავს პრემიერი.