"უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება" - კობახიძე ვახო სანაიაზე

ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვახო სანაიას დაკავებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება არ იცავს უხეშ შეურაცხყოფას.

„რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ, წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა. საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას, შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები. მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა და ეს პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ საქართველოში გააღვივონ ხელოვნურად სიძულვილი, დაპირისპირება, უნდა შექმნან აგრესიული გარემო. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი, თუ რაიმე სხვა, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შსს-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას, ჩვენ არავის მივცემთ გარედან სიძულვილის და აგრესიის თავსმოხვევის საშუალებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით რასა იუკნევიჩიანესა და ცალკეული დეპუტატების განცხადებებს ეხებოდა. 

„ასეთი ადამიანების კომენტარები საერთოდ არ არის საინტერესო. ძალიან მარტივად მივყვევთ ფაქტებს. არის ადამიანი, რომელმაც დაარღვია უხეშად კანონი, უხეში შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს. აქ, ასეთი კომენტარები სრულიად უადგილოა და მათ არავითარი ფასი არ აქვს. თან, საინტერესოა, რომ ეს არიან ის ადამიანები, ამ შემთხვევაში უცხოელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ორიოდე დღის წინ ამართლებდნენ უხეშ აგრესიას კონკრეტული ქალბატონის წინააღმდეგ. პირდაპირ, მშრალად ამართლებდნენ აგრესიას და უფრო მეტიც, იწონებდნენ ამ აგრესიას, რომელიც ძალიან მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფით იყო გამოხატული. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ორმაგი სტანდარტები და ამ ორმაგი სტანდარტის მიზეზი. აქ არის ძალიან მარტივი დაკვეთა, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან თავს უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, აგენტურა ასრულებს ამ დავალებას. ჩვენ ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა  იმ ადამიანს, რომელიც ასეთი დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი. 

 

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს სააკაშვილ-გიგაურის დაპირისპირების საკითხზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანდახან ყველაზე ალოგიკური ადამიანის ლოგიკაც კი ემთხვევა ჯანსაღ ლოგიკას.

 

„რაც შეეხება გრანტების ათვისებასთან დაკავშირებით მის ეპითეტს, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ჩვენთვის მთავარია, რომ აგენტურის შიგნით ძალიან ღრმავდება დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს. საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი. აქ საუბარია დაპირისპირებაზე ადამიანებს შორის, რომელთაც საერთოდ არავითარი სახალხო მანდატი არ აქვთ, თუმცა ისინი ჩვენ გამოგვიცხადეს საქართველოში პოლიტიკის შემქმნელებად, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ შექმნიან მომავალში ქართულ პოლიტიკას. რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.