ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ - პრემიერი

ოპოზიცია მთლიანად მოშლილია. ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე, ეს არის, საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი.

„ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და, შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა. აღარ მოსწონთ ერთმანეთიც კი. მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოსწონთ ერთმანეთი. ეს არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. ეს არის, საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი

ეს ადამიანები არ არიან ოპოზიცია, ისინიც არიან აგენტურა და იმ კოლექტიური ძალის შემადგენელი ნაწილი, რომლებიც აკეთებენ ამ განცხადებებს. შესაბამისად, მათ აქვთ საერთო ინტერესი და მათ აქვთ საერთო დაკვეთა, რომელსაც ისინი იღებენ საერთო პატრონებისგან. ეს დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა სცადონ რამენაირად ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა. შესაბამისად, ეს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის ამ აგენტურის გაგრძელება, გამოდის, რა თქმა უნდა, იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და, შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.