„დიფ სთეითის“ გეგმა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით, არის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შტურმის ახალი ეტაპი - ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიფ სთეითის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან უკვე 18 წელი გავიდა, თუმცა იმ დღეების ტკივილი და მძიმე კვალი დღემდე მოუშუშებელია. აგვისტოს ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათიათასობით მოქალაქე საკუთარ სახლ-კარს მოსწყვიტა და საქართველო ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად გასული წლებისა, ომის შედეგები კვლავ იგრძნობა, ხოლო დაღუპულთა ხსოვნა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი ჩვენი საზოგადოების საერთო მეხსიერებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად რჩება.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც საქართველოში „დიფ სთეითის“ აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს დგამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიფ სთეითის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.

შედეგად, მივიღეთ „დიფ სთეითისთვის“ სასურველი, ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის კი ტრაგიკული მოცემულობა – ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, 30 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ასზე მეტი ქართული დასახლება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი.

მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა

ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. სწორედ ეს იყო ის „შესაძლებლობების ფანჯარა“, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა. საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას მალევე მოჰყვა დირექტივები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისკენ იყო მიმართული.

სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყანამ, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „დიფ სთეითის“ მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ – ბაიდენის ხელისუფლებამ, აამოქმედა ზეწოლის ყველა მექანიზმი – სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ. ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სწორედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ამ ახალი ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა ჩემი დღევანდელი მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.