"საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე" - პრემიერი

თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს, ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება.

 

 

„2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ და შეფასებამ საზოგადოებაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია. განსაკუთრებით საყურადღებო იყო მცდელობები, 2008 წლის მოვლენების შეფასებასთან ერთად, ერეკლე მეორის ისტორიული გადაწყვეტილებებიც დღევანდელი პოლიტიკური და იდეოლოგიური პოზიციებიდან განხილულიყო. სწორედ ამ განცხადებებისა და მათ ირგვლივ განვითარებული დისკუსიის ფონზე მიმაჩნია აუცილებლად, ისტორიული და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინტერესებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბედს განსაზღვრავდა და განსაზღვრავს.

 

დავიწყოთ იმით, რომ როგორც დასაბამიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ, ისე დღესაც, თითოეული სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს. სწორედ ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად. სახელმწიფოები ცდილობენ ერთმანეთთან ურთიერთობები საკუთარი ინტერესების გასატარებლად და გასაძლიერებლად გამოიყენონ. ზოგჯერ ეს თანამშრომლობის ფორმით ხდება, ზოგჯერ კი იძულებით - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის გავლენის მეშვეობით.

 

ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, ფორმულა გამონაკლისების გარეშე, რომელიც სახელმწიფოთა არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გვინდა ეს თუ არა, ამ რეალობას უნდა შევეგუოთ და საერთაშორისო პოლიტიკას ილუზიების გარეშე შევხედოთ, რადგან სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.


„თუ ჩვენს წარსულს, კონკრეტულად კი, იმ პერიოდს გადავავლებთ თვალს, როდესაც ერეკლე მეორეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, ნათლად დავინახავთ იმ უმძიმეს, ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელშიც მაშინ ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმყოფებოდა. მრავალწლიანი და უმძიმესი დაპირისპირებების შედეგად სპარსეთთან, ოსმალეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, არამხოლოდ ქართული სახელმწიფო, არამედ თვით ქართველი ერი იდგა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე. საქართველო მუდმივი თავდასხმების, ომებისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში არსებობდა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ და დემოგრაფიულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

სწორედ ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ქრისტიანობა ქართველი ხალხისთვის, როგორც წარსულში, ისე დღესაც, ეროვნული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო და არის.

საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა, ისევ და ისევ ქრისტიანობის და არაერთი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არამხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა. მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო.

 

 

„იმ ისტორიული პერიოდისა და უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯების დღევანდელი გადასახედიდან კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ ერეკლე მეორე მოქმედებდა და გადაწყვეტილებებს იღებდა ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლის გადარჩენის ერთადერთი მოტივით. საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, მისი გადაწყვეტილება, ისევე როგორც არაერთი სხვა პოლიტიკური ნაბიჯი, შეიძლება შეფასდეს როგორც გონივრული და მეტიც, გენიალური სახელმწიფოებრივი სვლა.

 

აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებად და მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ხშირად ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევროპის არსებობაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ. სინამდვილეში კი, თუ ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა. იმ კონკრეტულ, სამწუხარო ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. ამიტომ, განსაკუთრებით პარადოქსულია, როდესაც დღეს საკუთარი თავის ევროპული არჩევანის დამცველებად წარმომჩენი ადამიანები, სინამდვილეში კი ფსევდოლიბერალები, ერეკლე მეორეს სწორედ იმ გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ, რომელმაც საქართველოს ისტორიული არსებობისა და შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარების, მათ შორის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობა შეუნარჩუნა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა.


„ერეკლე მეორის დროინდელი რეალობის უკეთ გასააზრებლად, დღევანდელ კრიტიკოსებს თუ მხარდამჭერებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევახსენოთ, კონკრეტულად კი ის, თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფოები საქართველოს მიმართ მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ან მეგობრებად მოიხსენიებენ.

ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა. მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაცვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სცადა, ამის პასუხად პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა მივიღეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირი საჯაროდ ითხოვდა და დღესაც ითხოვს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა.

 

 

„დააკვირდით მათ დეკლარირებულ განცხადებებს, კონკრეტულ უსამართლო გადაწყვეტილებებს, აბსურდულ რეზოლუციებს, დაწესებულ სანქციებს, ორმაგ სტანდარტებს, ქართველი ხალხის მიმართ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუდმივ მუქარას და იმ პირობებს, რომლებიც საქართველოს მიმართ არსებობდა და არსებობს. ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონებისა, რომელთა აღსრულება როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საჯაროდ ითხოვდნენ და დღესაც ითხოვენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, მიღებული დავალების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

 

 

 

„2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ისე ევროპელმა ბიუროკრატებმა და ლიდერებმა პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რითაც არათუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის და ეკონომიკის, არამედ, ზოგადად, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენეს დღის წესრიგში. სწორედ ასეთია დღეს ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკა.

 

როდესაც ამ ყველაფერს ერთობლიობაში შევხედავთ, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, რომ ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, უპირველეს ყოვლისა, მიღებული დავალების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

 

აქ მთავარი არის არა ის, ვეთანხმებით თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ის, რომ ამ მაგალითებით კიდევ ერთხელ ნათლად დასტურდება სახელმწიფოთა ქცევის მთავარი პრინციპი - ნებისმიერი სახელმწიფო, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

 

ამ ყველაფრის შედეგად კი ჩნდება რიტორიკული კითხვა - შეიძლება თუ არა გვქონდეს ილუზია, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ რომელიმე სხვა ძალა საქართველოს საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს?!

 

პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახაა - საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, როდესაც საქართველოს აქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ერეკლე მეორემ.

 

„რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, აქ არის მთავარი საერთო შეფასება - რა მოტივით მოქმედებდა ერეკლე მეორე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ამ ტრაქტატს აფორმებდა და საბოლოო ჯამში, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ტრაქტატიდან. შედეგებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ერეკლე მეორის ეს ნაბიჯი. ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება - ეს იყო ხელშეკრულება იმპერიასთან. რუსეთის იმპერია იყო იმპერია, საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით და ზრახვებით, აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი. ეს რისკები საბოლოო ჯამში რეალიზდა, თუმცა, მთლიანობაში, ქვეყანამ მიიღო კონკრეტული შედეგები იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ გადადგა ერეკლე მეორემ. ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი იყო უალტერნატივო და ბრძნული. მაშინ რეალურად, გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი. დღეს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს და ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანიც იყო ცივილიზაციური არჩევანი. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსულმანური ქვეყნის ვასალი. მაშინ ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული  გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი. საბოლოო ჯამში, ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის, რომ ჩვენი ერი გადარჩა. დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება მე-18 საუკუნის ბოლოს. ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და ის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება. რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები ბუნებრივია, შემდეგ რეალიზდა. როდესაც პატარა ქვეყანას საქმე  გაქვს დიდ იმპერიასთან, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები. საბოლოო ჯამში უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანა ეს არის სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურება.

 

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს ვართ ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული. ჩვენ გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი. როდესაც ჩვენ გვაქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ჩვენმა დიდმა მეფემ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საბოლოო პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე თავად საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ეკისრება.


„ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს სათავეში მყოფმა ხელისუფლებამ, ნებისმიერ ვითარებაში, წინა პლანზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს. უცხო ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრა, თუნდაც მას მოკლევადიან პერსპექტივაში კონკრეტული სარგებელი მოჰქონდეს, ვერასოდეს უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ჩანაცვლების საფუძველი,“- აღნიშნა პრემიერმა.