საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის სრულად განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერი სკოლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.
მთლიანად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა; მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. ასევე სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. ორივე სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 50 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.
„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება. აქაც არ ვაპირებთ გაჩერებას. აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50 სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისთვის იყოს უზრუნველყოფილი ასეთი თანამედროვე სივრცე და გარემო. ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პედაგოგებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თქვენს საქმიანობასა და პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი ქვეყნის წარმატება. თქვენ ღირსეულად ემსახურებით ამ საქმეს. ღირსეულ თაობას უზრდით ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის გახსნას და ყველას, განსაკუთრებით, მოსწავლეებს, გისურვებთ დიდ წარმატებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ახლად აშენებულ სკოლაში სრულად არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები.
„ყველას მინდა, მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს! თქვენთვის იწყება სრულიად ახალი ეტაპი ცხოვრებაში და ყველას მინდა, გისურვოთ ბედნიერი წლები და ძალიან დიდი წარმატებები. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იქნება ძალიან წარმატებული და საფუძველს ჩაუყრის ახალ-ახალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიხარულოა 21-ე სკოლის მოსწავლეებისთვის ბათუმში, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ამ სასწავლო წელს ხვდებიან სრულიად ახლად აშენებულ სკოლაში, სადაც არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები ყველა თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ასეთი სასწავლო გარემო ნიშნავს კიდევ უფრო მეტად ხარისხიან განათლებას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, ახალ სკოლას, რომელიც 1 400 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველანაირი თანამედროვე სტანდარტით და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. თავის დროზე, აქ იყო სკოლა, ისტორიული სკოლა და შენობა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით და აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში - იმ ადგილას, სადაც დაინგრა სკოლა, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ბავშვებისთვის, განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მუშაობას.
დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ბათუმში მე-4 და მე-5 სკოლები, რომლებიც სრულად არის რეაბილიტირებული და იქაც ბავშვებისთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულიად ახალი, თანამედროვე გარემო,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვითარების გამოსწორებისთვის მიღებულ იქნა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებები.
„იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ე.წ. „ესიდა“ შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენელობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
„ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმა.
