საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად.
პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით. ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება იმ პრინციპების დაცვის ერთგული, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთლდღეობის მისაღწევად.
სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსთვის ეს, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს.
“ნიუ-იორკში, მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი. საქართველოსთვის ეს, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს, რათა ხელშესახები პროგრესი მივიღოთ ვაჭრობისა და დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნავს პრემიერი.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მიმისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა.
“გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში”, - აღნიშნავს პრემიერი.
მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით საქართველოსა და ნაურუს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.
“მოხარული ვარ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგს.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
