მშვიდობა, ოკუპაცია, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა - კობახიძემ გაეროში საქართველოს მთავარ გზავნილებზე ისაუბრა

ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.
გლობალურ დონეზე მზარდი გამოწვევების ფონზე, კოორდინირებული რეაგირება საერთო დაბრკოლებებზე, კონფლიქტების პრევენცია და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით და ერთობლივ ქმედებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებით. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია; ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც. 

„საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც - ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს

„საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს. ამას გარდა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს შესაძლებლობას უქმნის, რომ გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს დაუკავშირდნენ.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ შევქმენით ქსელი, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს. 

 

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რეგიონული ინიციატივების ფარგლებში თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ, როგორც კეთილსინდისიერმა შუამავალმა, თანამშრომლობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტების მოძიებაში წვლილის შეტანის გზით. დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას ეხმიანება - შევქმნათ უკეთესი მომავალი. თანამშრომლობის ამგვარი სულისკვეთება რეგიონისთვის ხელშესახებ ეკონომიკურ შესაძლებლობებადაც უნდა გარდაიქმნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე.

“საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე, თუმცა, ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაგვაწყვეტინა - თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა.
ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ. 
ამ პრინციპებისადმი ერთგულებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს შედეგები უკვე კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული შესაბამის მაჩვენებლებში.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შედეგები კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული მაჩვენებლებში, რაც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, მაგალითად -  სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1 პროცენტს შეადგენს, 2020 წლის 21.3 პროცენტთან შედარებით. თუმცა, ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფვით. შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.  აღნიშნული პრიორიტეტები სრულად შეესაბამება საქართველოს მიერ „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევის მიმართ აღებულ ვალდებულებას, რაც ასევე ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მდგრადი განვითარების მიზნით თანამშრომლობისთვის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში 2026–2030 წლების პერიოდში. უფრო შორეულ პერსპექტივაში, მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ, რაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაციით, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოებით და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებით,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონის მასშტაბით და ევროპის ქვეყნებს შორის - საშუალოდ 5.4 პროცენტი.

“როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ აქტიურად ვაყალიბებთ ინოვაციებზე ორიენტირებულ და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საწარმოების განვითარებას უწყობს ხელს.
მსოფლიოში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად,  საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შორის და 2021–2025 წლებში საშუალოდ მშპ-ის 6 პროცენტს აღემატებოდა. ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების პერსპექტივას ასევე ამყარებს მსხვილი და მრავალწლიანი საინვესტიციო პროექტების დაწყება სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და უძრავი ქონება. 
თუმცა, წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოიცავს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოებას.

„დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით,  საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში: სარკინიგზო ქსელის მოდერნიზება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოება. 
ამავდროულად გვჯერა, რომ ფიზიკური და ციფრული დაკავშირება ერთი და იმავე სტრატეგიული დღის წესრიგის შემადგენელ ორ კომპონენტს წარმოადგენს. 
შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და ახალი თაობის მონაცემთა ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველო მიზნად ისახავს  უსაფრთხო, მდგრადი და დივერსიფიცირებული ციფრული კავშირების განმტკიცებას ევროპასა და აზიას შორის. ეს ამბიციური გეგმები კი საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.   
 
„პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე. საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე.   გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.  პატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებიც ასევე ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ეფექტური მულტილატერალიზმისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს.

„იმ პირობებში, როცა გლობალურ დონეზე გაურკვევლობა კვლავ იმატებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუცვლელ ფორუმად რჩება  დიალოგისა და ერთობლივი ქმედებისთვის. 
ამ კონტექსტში, UN80 ინიციატივა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის გაეროს ეფექტურობის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, მისი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების პარალელურად. საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომელთა დახმარებით ეს ორგანიზაცია უფრო უკეთესად მუშაობას შეძლებს და კიდევ უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული გახდება. სწორედ დღეს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს.    მოდით, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთი სამყარო დავუტოვოთ მათ, რომელიც უფრო მშვიდობიანი, დაცული და ერთიანი იქნება, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი შეხვედრა, ასევე დამატებით ორ მრგვალ მაგიდაზე ჰქონდა სიტყვის გამოსვლის შესაძლებლობა. 

 

„მთავრდება ჩვენი ვიზიტი გაეროში, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. დაგვირგვინება ამ ვიზიტის იყო რა თქმა უნდა, გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, აქ გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია. საუბარი გვქონდა ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. შევეხეთ ყველა თემას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგთან. მთლიანად ვიზიტმა კარგად ჩაიარა. გვქონდა არაერთი შეხვედრა, ასევე დამატებით ორ მრგვალ მაგიდაზე მქონდა გამოსვლა. ორივე შემთხვევაში მთავარი თემა იყო მშვიდობა, რომელიც არის განვითარების აუცილებელი პირობა, ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრები. შეხვედრა მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, მქონდა შეხვედრა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც არის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. შეხვედრა მქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სერბეთის პრეზიდენტთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ გავაფორმეთ ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ პროტოკოლი. მადლობა გადავუხადეთ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარების უკან გაწვევის თაობაზე. ამის შედეგია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, რაც არის ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ამისთვის მთელ დიპლომატიურ კორპუსს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მთლიანობაში ვიზიტმა წარმატებულად ჩაიარა, მთავარი მიზანი ჩვენთვის იყო ჩვენი ეროვნული ინტერესების სათანადოდ წარმოდგენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები. 

„უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს არის მიზანმიმართული პროცესის ნაწილი. ეს ნაბიჯები აშკარად მიმართულია ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. ჩვენს ხელისუფლებას, ქვეყანას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, ომი იყო ორივე რეგიონში, შესაბამისად, ამას უკავშირდება კონკრეტული პრობლემები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკის მიზანია ნდობის აღდგენა. ნდობის აღდგენა არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი.  ჩვენ სწორედ ასე გვესახება ჩვენი ტერიტორილი მთლიანობის აღდგენა. ზუსტად ამას, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა, შესაბამისად, ეს განცხადებებიც არის კონკრეტული ძალებისგან დაკვეთის შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ მიმართულებებს უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნდობის აღდგენისთვის და მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.