ევროინტეგრაციის გამოწვევები და კორუფციასთან ბრძოლა - კობახიძე ხელისუფლების 14-წლიან საქმიანობაზე

ურთულესი წლები გამოვიარეთ - როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ქვეყანა არის სტაბილური და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში.

 

„ურთულესი წლები გამოვიარეთ ყველა თვალსაზრისით. მათ შორის აქ იგულისხმება მუდმივი გარე ზეწოლა და იძულება, რომ რაღაცეები დაგვეთმო. 2012 წლიდან იყო უმძიმესი პროცესები. როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და მაშინვე დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ შეიძლება, დამნაშავეები არიან, მაგრამ არ დაიჭიროთ. 2013 წელს, ოთხ პოლიტიკოსზე იყო საუბარი, რომ ორი შეგიძლიათ დაიჭიროთ, ორი არ შეგიძლიათ დაიჭიროთ - ამ დონეზე უხეშად მიდიოდა საუბარი. საჯარო განცხადებები კეთდებოდა 2013 წელს, რომ არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა ახლოთ ხელი, არ შეეხოთ, არ შეიძლება გამოძიება, არ შეიძლება დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი და ა.შ. ღიად მფარველობდნენ. ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ. იყო კოალიცია და კოალიციის მართვაც იყო ურთულესი პროცესი. ის გაგრძელდა ოთხი წელი. პირველი ოთხი წელი იყო ძალიან რთული. შემდეგ იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდი, ეს ოთხი წელიც განსაკუთრებული სირთულეებით იყო გამორჩეული, იმიტომ, რომ გუნდის შიგნით იყო პრობლემები 2018 წლიდან იჩინა უფრო ამ ყველაფერმა თავი, ესეც იყო გარედან პროვოცირებული. ამ დროს გუნდი მნიშვნელოვნად დასუსტდა 2018-2019-2020 წლებში და ამის გამო მოუწია ჩვენს გუნდს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მათ შორის თანამდებობის პირების კუთხით.

 

თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას. ქვეყანა არის სტაბილური უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში. ადამიანის უფლებების კუთხით რადიკალურად შევცვალეთ სიტუაცია - ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა.

შევეხები ეკონომიკურ ზრდას - მხოლოდ და მხოლოდ 28 მილიარდი ლარიც არ იყო საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს. უკვე შარშანდელი მონაცემებით არის 104.5 მილიარდი ლარი. ამ ყველა უბედურების ფონზე, პრობლემების ფონზე ჩვენ თითქმის ოთხჯერ გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, შესაბამისად თითქმის ოთხჯერ გავზარდეთ საქართველოს ბიუჯეტი. ამ ყველაფრის ფონზე, კომპრომისების, დათმობების და მუდმივი ზეწოლის ფონზე მაინც მოვახერხეთ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში, საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან.


"ამ ადამიანებმა, ამ ბიუროკრატებმა მკაფიოდ განაცხადეს 2024 წლის  არჩევნებამდე, რომ თუ არ შეიცვლებოდა ხელისუფლება და არ დაბრუნდებოდა  კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს პირდაპირ განაცხადეს.  შემიძლია ციტატები ამოგიღოთ, სადაც პირდაპირ ამბობდნენ და  მათ შორის ბატონი ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი  ამბობდა, რომ ახლა არის პრობლემები ამ ხელისუფლების გამო ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ უნდა გამოხვიდეთ საარჩევნო ყუთებთან და უნდა გაესტუმრებინა ხალხს ეს ხელისუფლება. ხელისუფლების გასტუმრება ნიშნავდა, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. მათ გამოხატეს ეს პოლიტიკური სურვილი და პირდაპირ თქვეს, რომ ან „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნდეს, ან შეჩერდება ევროინტეგრაცია. ჩვენ გვინდა ორივე - ერთი, რომ აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და მეორე - გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც. თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, რომ საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60-65% იყო შესრულებული იმ ვალდებულებებიდან, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ახლა არის შესრულებული 90%. 

„მაგალითად დღევანდელი დღე რომ ავიღოთ, კითხვაზე პასუხად შეიძლება გითხრათ რამე ევროკავშირთან დაკავშირებით. თქვენ როცა კითხვას სვამთ, მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ან ჰერჩინსკის განცხადებაზე. ჰერჩინსკიმ რა გააკეთა, ჯერ ერთი კონცერტის გაკეთება უნდოდათ ევროკავშირის დაფინანსებით და მაინცდამაინც, შემთხვევით მიაგნეს მხოლოდ იმ მუსიკოსს, რომელიც მღეროდა ამ ცნობილ სიმღერა „ოლე ოლას“. პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს  1 120 000 მოქალაქეს. მაინცდამაინც ისე დაემთხვა, რომ ევროკავშირი იწვევდა ამ ადამიანს კონცერტზე. ის კონცერტი გაუქმდა  იმიტომ, რომ საფრთხე დაინახა კონკრეტულმა მომღერალმა, გავიდა რამდენიმე დღე და კიდევ ერთი კონცერტი იმართება და ჰოი საოცრებავ, ისევ დაემთხვა, კიდევ ერთი „ოლე ოლას“ მომღერალი. ეს ხომ პოლიტიკური განაცხადია. 150 კაცი შეკრიბეს, სასტუმროს ეზოში მოაწყვეს კონცერტი. ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ „ოლე ოლას“ შემსრულებელი მიიწვია მაინცდამაინც კონცერტზე, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს, 1 120 000 ადამიანს მძაფრი ფორმით, შეურაცხმყოფელი ფორმით. რა თქმა უნდა, ამას გიპასუხებთ. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პასუხად კითხვებზე და ეს კითხვები ეხება ხოლმე მათ თავდასხმებს ქართველ ხალხზე. მარტივად არის საქმე. ჩვენ ხმას არ ვიღებთ, თქვენ გვისვამთ კითხვას, ევროპარლამენტი თავს დაესხა ქართველ ხალხს, დაამტკიცა რეზოლუცია, ან ჰერჩინსკი თავს დაესხა ქართველ ხალხს, როდესაც „ოლე ოლას“ მომღერლებთან ერთად გამართა კონცერტი. ამ კითხვაზე, რა თქმა
უნდა, პასუხს გაგცემთ და ეს პასუხი, ბუნებრივია, ვერ იქნება დადებითი. მარტივად არის საქმე - რა შუაშია ჩვენგან თავდასხმა.  საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა,  თუ განვითარება, რა დავთმოთ?. ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები, იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის, კანონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, მზად ვართ დისკუსიისთვის“, -  განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, დღეს ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია სისტემა კორუფციისგან და ეს არის  რთული სამუშაო პროცესის შედეგი.

„კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა. შეგიძლიათ გაიხსენოთ პრემიერ-მინისტრები,  იგივე გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა, რაზეც ჭორაობდნენ - მაგალითად საუბრობდნენ იმაზე, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო ერთ სამეგრელოში, ერთი  შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო პატარა, „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, როგორც თვითონ ამბობდა, შემთხვევები, მეტი არაფერი. ანუ სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს  გახარიას პერიოდში. ასევე ბახტაძის პერიოდში არავითარი კორუფცია, საერთოდ არავის უსაუბრია ამაზე. კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა. რაც შეეხება კორუფციას, თავი იჩინა ამ პრობლემამ, დაახლოებით ორი წელი იყო კრიტიკული. თუმცა როგორც კი გამოვლინდა ეს პრობლემები, მაშინვე განაცხადი გააკეთა გუნდის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ის შემობრუნდა პოლიტიკაში და შემდეგ დავიწყეთ ამ განაცხადის აღსრულება და ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. მე დღესაც შემიძლია გავიმეორო ჩემი მარტივი შეთავაზება - თუ წარმოადგენთ თუნდაც ერთ ფაქტს, რომ მაგალითად რომელიმე მინისტრი არის გარეული რომელიმე კორუფციულ გარიგებაში, ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი, იქვე იქნება მყისიერი რეაგირება. ამიტომ, ძალიან თამამად ვსაუბრობთ ამ თემაზე. ეს ჩვენი სითამამე ეფუძნება იმას, რომ მთლიანად გავწმინდეთ კორუფციისგან ხელისუფლების ზედა ეშელონები.  მუდმივად უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია დღეს სისტემა კორუფციისგან. ეს არის, საკმაოდ რთული სამუშაო პროცესის შედეგი. მარტივი არ იყო - წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ პრინციპულად გადაგველაგებინა სისტემა. თუმცა დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ თითოეულ მაღალი თანამდებობის პირზე“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურამა აღნიშნა, ამ ხელფასების ჯამი არის ბიუჯეტის 0.1 პროცენტზე ნაკლები. 

 

„საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები ერთად დავაჯამოთ და წარმოვიდგინოთ, რომ არცერთი საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირი არ იღებს ერთ ხელფასს არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც ერთი დეპუტატი, არც ერთი მინისტრი, არც ერთი მინისტრის მოადგილე არ იღებს ხელფასს, სულ გავანულოთ ეს ხელფასები თეორიულად, პენსია გაიზრდებოდა 3 ლარზე ნაკლებით. ასეთია მომცემულობა. ამ ხელფასების ჯამი არის ბიუჯეტის 0.1 პროცენტზე ნაკლები. ამიტომ როცა შედარება მოგყავთ, ადარებენ ხოლმე, რომ ერთ დეპუტატს მაგალითად აქვს 30 პენსიონერის ხელფასი ან პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს აქვს 40 პენსიონერის ხელფასი, შეგიძლიათ ნახოთ გერმანია, სადაც ანალოგიურია, გერმანიაში მინიმალური პენსიასა და კანცლერის ხელფასს შორის დაახლოებით 30-მაგი სხვაობაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით. 

„ჩვენ რატომ ვითხოვთ დიალოგს და დისკუსიას - ვითხოვთ ერთადერთი მარტივი მიზეზით, როცა გვეუბნებიან მაგალითად, რომ ხელისუფლებამ და ქვეყანამ გადაუხვია ევროპულ კურსს, აგვიხსნან, რით გამოიხატება ეს, ოღონდ აგვიხსნან. ხომ უნდა დავსხდეთ და აგვიხსნან, განგვიმარტონ, არგუმენტები წარმოადგინონ, იქნებ ჩვენც გვაქვს ჩვენი არგუმენტები. მაგალითად კანონებთან დაკავშირებით. 
ისინი თავის დროზე გამოვიდნენ სამარცხვინო კამპანიით გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე მთელმა საზოგადოებამ გაიგო. მთელმა საზოგადოებამ ხომ გაიგო უკვე, რომ ეს კანონი არ იყო რუსული. გამოვიდა სამარცხვინოდ ამერიკის მაშინდელი ელჩი,  ევროკავშირის ელჩი და სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანი აწარმოეს ამ კანონის წინააღმდეგ, ხომ გაიგო უკვე ყველამ. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ გვჭირდება ჩვენ განმარტების მოსმენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რატომ აწარმოეს თავის დროზე ეს კამპანია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, ამისთვი არის საჭირო დისკუსია. ან როცა ვსაუბრობთ კანონზე ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ, იქაც ხომ უნდა აგვიხსნან, რატომ არის არაევროპული ის, რომ არ შეიძლება წავიდეს ვიღაც, სახელად ჯუმბერი და ჩაეწეროს ქალად. ხომ უნდა აგვიხსნან, რომ ეს არის ცუდი, განგვიმარტონ. ამიტომ ვითხოვთ დისკუსიას, მეტი კი არაფერი. 
იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში. პირველი, დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ევროპის ქვეყნებს, არის თავსმოხვეული მიგრაცია, რასაც პირდაპირ გადაწყვეტილებების დონეზე ახვევენ თავს. ამან გამოიწვია ეთნიკური მონაცემების რადიკალური ცვლილება. ეს ერთი, პირველი ფაქტი. ამიტომ გვინდა დისკუსია, რომ ფაქტებით ვისაუბროთ. მეორე - რელიგიური იდენტობა. უკვე არის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აცხადებს საკუთარ თავს ქრისტიანად. ეს რელიგიური იდენტობა. რაც შეეხება პიროვნულ იდენტობას: ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ,  რომ შენ შეგიძლია, შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ ხარ კაცი, შეგიძლია ჩაეწერო ქალად. ამას ითხოვენ ჩვენგან. ეს არ არის პიროვნული იდენტობის დაკარგვა?. ზეპირი და ზოგადი განცხადებები არის სხვა რამე, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით. ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ წახვიდე და ერთსქესიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად.  
საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროპა ხომ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ევროკავშირი უკვე რამდენიმე ათეული წელია შეიქმნა. ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი არის ინსტიტუციური გამოხატულება. ამიტომ ისტორიულ არჩევანზე როცა ვსაუბრობთ, ესეც სწორად უნდა ითქვას, რომ ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - იდენტობის პრობლემებზე -  ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემაა.  ჩვენ რას ვამბობთ, რომ იმედი გვაქვს,  ევროპა მოახერხებს, მათ შორის ევროკავშირი მოახერხებს შემობრუნებას. ძალიან სწრაფად იცვლება გლობალურად მოვლენები და შეიძლება რაღაც მოხდეს ორ წელიწადში, სამ წელიწადში, ოთხ წელიწადში. ამასობაში ვაგრძელებთ გზას“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა „სამართლიანი არჩევნები“ საერთოდ არ არის ღირებული, რადგან ის არის PVT-ის გამყალბებელი ორგანიზაცია.

„თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს. ერთადერთი ტროლ-ბოტი, ვინც მახსენდება არჩევნებთან მიმართებით, არის სწორედ ე.წ „სამართლიანი არჩევნები“. ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი „ფეისბუქში“, ზოგადად სოცმედიაში და გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.

„ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო - ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის სუბიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ.


„არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, ეს არის ევროკავშირის ობიექტური ინტერესი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა,“- აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია კონკრეტული ბიუროკრატების დამოკიდებულებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, დისკუსიისთვის, ყველა საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს არავითარი დახურული საკითხი. მზად ვართ დისკუსიისთის, თუ იქნება ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას, თუმცა ამ ეტაპამდე ვართ მოლოდინის რეჟიმში. ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე. სამწუხაროდ, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო. თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როდესაც, თავის დროზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევდა ძალის გამოყენება, ქართველი სამართალდამცავები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები ამის მორიგი დასტურია.


„როდესაც, თავის დროზე, ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევდა ძალის გამოყენება, მაშინ ვაცხადებდით ძალიან თამამად, რომ ჩვენი სამართალდამცავები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ეს იყო მოცემულობა და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ. 
ჩვენ მანამდეც გვქონდა არაერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ ბრუტალურ ძალას იყენებდნენ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ, თან ხშირად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენს შემთხვევაში გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ იყო ინციდენტები, სერიოზული გადაცდომები, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომები, თუმცა არსებითად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით.
რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ამას მიჩვეულები ვართ, საერთოდ ხმას არ იღებს არავინ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეულები ვართ და საზოგადოება ამას ხედავს,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეცვლილი ტენდენციები ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესების შედეგია. 


„იანვარშიც ჩვენ გვქონდა მაღალი ზრდა წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით. იყო 2.3 % სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია. შეგიძლიათ, ნახოთ თებერვლიდან მონაცემები - არის ინფლაცია, თუ დეფლაცია და მერე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ დანარჩენთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ საერთო მონაცემები. აიღოთ ერთი კალათი და მეორე კალათი და ნახავთ, როგორია ეს მონაცემები. იანვარში ჯერ კიდევ იყო მაღალი ინფლაცია 2.3 % წინა თვესთან შედარებით, რაც ძალიან მაღალია. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ მონაცემები,“- აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, რეალურად, ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა ოთარ ფარცხალაძეს.


„საუბარი იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა ქართულ პოლიტიკაზე და საზოგადოებაზე გავლენა, რაც მათ შორის თავისუფლად შეიძლებოდა აღექვა საზოგადოებას როგორც თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე. რეალურად, ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა ოთარ ფარცხალაძეს. ეს მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს თავის დროზე წინა ადმინისტრაციიდან და რაც შეეხება საზოგადოებაზე ზეგავლენას, ეს საერთოდ აბსურდია ხომ? რა საზოგადოებაზე ზეგავლენა ჰქონდა ფარცხალაძეს, ეს საერთოდ კომიკურია ხომ? საზოგადოებაზე არ ჰქონია არავითარი ზეგავლენა, ყველამ ვიცით. და პოლიტიკაზე ზეგავლენა რომ ჰქონოდა, ამასთან დაკავშირებით ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. ანუ ისიც ყალბი იყო. რუსეთის სასარგებლოდ პოლიტიკაზე გავლენაზე ჰქონდათ საუბარი და საზოგადოებაზე რა გავლენა ჰქონდა. მედიამაგნატი იყო, თუ რაიმე სხვა ფორმით იყო ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში?! ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე გავლენას ახდენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც იყო სიყალბე, ტყუილი იყო. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება სხვა სანქციებს, რა სანქციებიც თავის დროზე წინა ადმინისტრაციამ აამოქმედა, ყველა სანქცია იყო სიყალბეზე აგებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, ეს ადამიანი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში გამოჩნდებოდა ყველაფერი, თუმცა ამ ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე პატიმარ დავითაძის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რაც შეეხება ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენებას, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა.

„კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს. მალევე დაიწყო გამოძიება, ასევე საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველმა. ვერც სახალხო დამცველმა დაადგინა ამ ბრალდების ვერავითარი მტკიცებულება და არც პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში არ დადგინდა არავითარი მტკიცებულება ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. არც ვიდეოკადრებით არ დგინდება ეს ყველაფერი. ეს არის ფაქტები. არ არსებობს არავითარი ფაქტი, მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ბრალდების მართებულობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, პატიმრებთან დაკავშირებით ხელისუფლება მზად არის, სინანულის და აღიარების შემთხვევაში მათ დანაშაული აპატიოს.


„როგორი ამორალური უნდა იყოს ხომ, კაცმა დაგიძახა, მიხვედი დამხობის აქციაზე, სცადე მასთან ერთად ხელისუფლების დამხობა და როგორც კი ჩავარდა ეს მცდელობა, მაშინვე ემიჯნები. ასეთი ამორალური ხალხია ეს რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება პატიმრებს, ჩვენი მიდგომა არის ცხადი, თუკი ვინმე მოინანიებს, აღიარებს, ჩვენ გვექნება შესაბამისი ზომები, ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ არავინ გვჭირდება საპატიმროში თუ ისინი მოინანიებენ. ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, სცადეს ხელისუფლების დამხობა, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ სინანულის და აღიარების შემთხვევაში ვაპატიოთ მათ ეს დანაშაული და გავათავისუფლოთ. არიან ძალები, რომლებსაც უნდათ ესკალაცია, უნდათ პოლარიზაციის გაღრმავება, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მინდა ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებულ მედლის მნიშვნელობას. 
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. 2 ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად ტრამვით მოაგებინა მან ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება“, -  განაცხადა პრემიერმა.

დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც ეფესბეს აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ის ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამე, პატრიოტიზმს და ა.შ., -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  

პრემიერის შეფასებით, ეს არის თავხედობა. 
„დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც ეფესბეს აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ის ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამე, პატრიოტიზმს და ა.შ.
პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. 2 ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად ტრამვით მოაგებინა მან ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება. ასეთ ფონზე, ასეთ დამსახურებულ ადამიანებს თავს ესხმიან ეფესბეს აგენტის როლის შემსრულებელი ადამიანები. შეგახსენეთ, რომ 2008 წლის  შემდეგ ასრულებდა ეს ადამიანი ეფესბეს აგენტის როლს რუსულ სერიალში. ეს არის თავხედობა. ამას სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს. ეს ადამიანი არის შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ანტიეროვნულ ქმედებებში. შესაბამისად, საინტერესო არ არის მაინცდამაინც მისი თავდასხმა ჩვენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ“, -  განაცხადა პრემიერმა.

შექმნილია სააგენტო, რომელიც სტარტაპებთან მუშაობს, შედეგები ნამდვილად ხელშესახებია, თუმცა, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს მიმართულება მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება და მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა.

„შექმნილია სააგენტო, რომელიც სტარტაპებთან მუშაობს. შედეგები ნამდვილად ხელშესახებია, თუმცა, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება. მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა“, - განაცხადა პრემიერმა.